ახალი ამბები

მოსამართლემ სადღობელაშვილს სასამართლოში ლოცვის უფლება არ მისცა

7 ივნისი, 2018 • 3218
მოსამართლემ სადღობელაშვილს სასამართლოში ლოცვის უფლება არ მისცა

დღეს, 7 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლო ე.წ. ქართული მარშის დაკავებული წევრებისთვის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხზე მსჯელობს. სასამართლო პროცესის მიმდინარეობის დროს “ქართული მარშის” ერთ-ერთმა დაკავებულმა წევრმა, ლადო სადღობელაშვილმა მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილს სთხოვა, მისთვის ლოცვის უფლება მიეცა, რაზეც უარი მიიღო.

მოსამართლემ, სადღობელაშვილს განუმარტა, რომ ლოცვის ადგილი ეკლესიაშია, ისინი კი ახლა სასამართლოს სხდომათა დარბაზში იმყოფებიან და სთხოვა, საკუთარი ადგილი დაეკავებინა.

ე.წ. ქართული მარშის წევრებმა 19 მარტს რუსთავი 2-თან ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ აქცია გამართეს და მისგან ბოდიში მოითხოვეს გადაცემაში ნათქვამი მოსაზრებების გამო. აქციის დროს სცემეს ტელეარხის ჟურნალისტი დავით ერაძე და დააზიანეს ავტომობილი. მიმდინარეობს როგორც სისხლის სამართლებრივი, ისე – ადმინისტრაციული საქმეების გამოძიება.

წარდგენილი ბრალდების თანახმად, ირაკლი დოლენჯაშვილს, ლადო სადღობელაშვილს, ლუკა ნაცვლიშვილს, მიხეილ ამისულაშვილს, გიორგი ონიანსს და ბექა რევაზიშვილს ბრალად ედებათ ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.

გიორგი ონიანს ასევე ბრალად ედება ძალადობა (ცემა), რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ასევე, ლუკა ნაცვლიშვილსს გამოძიება სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას ედავება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი