ახალი ამბები

მძღოლი, რომელსაც 2017 წელს ყოველ მესამე დღეს აჯარიმებდნენ მოძრაობის წესების დარღვევის გამო

7 ივნისი, 2018 • 9416
მძღოლი, რომელსაც 2017 წელს ყოველ მესამე დღეს აჯარიმებდნენ მოძრაობის წესების დარღვევის გამო

აუდიტის სამსახურის ანგარიშში, რომლითაც შესწავლილია შსს–ს მუშაობის ეფექტურობა საგზაო უსაფრთოების კუთხით, წერია, რომ არიან მძღოლები, რომლებიც სისტემატურად არღვევენ საგზაო მოძრაობის წესებს, თუმცა კანონის ხარვეზის გამო ისინი ადეკვატურად არ ისჯებიან.

ამ ანგარიშის მიხედვით, მარტო 10 მძღოლზე 2011 წლიდან 2018 წლის 1 იანვრამდე პერიოდში ირიცხება 622 ჯარიმა (805 720 ლარი). აქედან გადაუხდელია 591 ჯარიმა (800 090 ლარი), საიდანაც 92.4%, ანუ 546 ჯარიმა (749 200 ლარი, ანუ 93.6%) გადაცემულია აღსასრულებლად, თუმცა, უშედეგოდ.

გაგაცნობთ 4 მძღოლის ისტორიას, რომლებიც აღნიშნულ ანგარიშშია შესული:

2011-2017 წლებში 10 მძღოლზე დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელების შესახებ

მძღოლი N1

მღოლი, რომელიც იმერეთში ცხოვრობს. 2017 წელს საგზაო მოძრაოების წესების დარღვევის გამო 127–ჯერ დააჯარიმეს. როგორც აუდიტის სამსახურის დასკვნიდან ვიგებთ, მუდმივად ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართავდა სხვა მოქალაქის სახელზე გაფორმებულ ავტომანქანას, რაც იმას ნიშნავს, რომ პოლიცია ყოველ მესამე დღეს აჯარიმებდა.

2013-2017 წლებში „მძღოლი N1“ დაჯარიმებულია 233-ჯერ. დაკისრებული ჯარიმების საერთო თანხამ 323 500 ლარს გადააჭარბა, საიდანაც გადახდილია მხოლოდ 870 ლარი (2.7%). დანარჩენი ჯარიმები ან აღსრულებაზეა გადაცემული, ან ჯერ კიდევ გადაუხდელის სტატუსი აქვს.

დაჯარიმების გარდა, ამ მძღოლის მიმართ ადმინისტრაციული პატიმრობაც გამოიყენეს. იგი 2–ჯერ, 7 და 2 დღით, იყო დაპატიმრებული ადმინისტრაციული წესით.
ამ მძღოლს 207–ჯერ გამოუწერეს ჯარიმა სიმთვრალის გამო. თუმცა ამის გარდა პოლიცია მას ედავება:
  • საჭესთან მობილურით საუბარს
  • ავტომანქანის მართვას ღვედის გარეშე
  • ამკრძალავი ნიშნების მოთხოვნათა დაუმორჩილებლობას

ამ მძღოლს მართვის მოწმობა აქვს ჩამორთმეული, თუმცა მაინც აგრძელებს ავტომობილის მართვას. ასევე მანქანა, რომელსაც მართავს, სხვისი საკუთრებაა, თუმცა სანოტარო აქტის მიხედვით, მასზეა გადაცემული. ამიტომ იმ პირზე, რომელიც არის ავტომობილის მფლობელი, არ ავრცელებენ კანონის მოთხოვნებს.

აღნიშნული მძღოლი სოციალურად დაუცველია, მას არ აქვს ქონება, რომლის გამოც აღსრულების მექანიზმების გამოყენებაც შეუძლებელია.

[blue_box]მძღოლი N2[/blue_box]

მძღოლი, რომელზეც ახლა მოგიყვებით, 2013–2017 წლებში 108–ჯერაა დაჯარიმებული. ჯარიმის საერთო რაოდენობა 151 000 ლარია. მძღოლმა გადაიხადა მხოლოდ 4 ჯარიმა, 120 ლარის ოდენობით. გადაუხდელი ჯარიმები აღსრულებისთვისაა გადაცემული, თუმცა არანაირი შედეგი არ დადგა, რადგანაც ეს მძღოლიც სოციალურად დაუცველია.

ამ პერიოდში მძღოლი 19 ავტომობილის კანონდარღვევით მართვისთვისაა დაჯარიმებული. აქედან ორი ავტომობილი მას მინდობით ჰქონდა გადაცემული. პოლიცია მას შემდეგი ტიპის დარღვევებს ედავება:

  • ავტომობილის მართვა სიმთვრალის დროს
  • ავტომობილის მართვა მართვის უფლების შეჩერების პირობებში
  • საგზაო მოძრაობის წესების სხვა დარღვევევები

[red_box]მძღოლი N3[/red_box]

შემდეგი მძღოლი 2013–2017 წლებში 66–ჯერაა დაჯარიმებული. მას 93 000 ლარის ჯარიმა აქვს დაკისრებული და აღსასრულებლადაა გადაცემული. წინა ორი შემთხვევისგან გასხვავებით, ავტომობილი, რომელსაც იგი მართავდა, მისი საკუთრებაა, თუმცა აქამდე არ მომხდარა აღსრულება.

აუდიტის სამსახურის მონაცემებით, ჯარიმები ძირითადად უკავშირდება ავტომობილის მართვას მართვის უფლების შეჩერების პირობებში. 2017 წლის პირველ სამ თვეში იგი 15–ჯერაა დაჯარიმებული. ასეთ შემთხვევაში კოდექსი ითვალისწინებდა დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით და 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას.  იგი სასამართლოში არ წარდგენილა.

[yellow_box]მძღოლი N4[/yellow_box]

მეოთხე მძღოლიც 66–ჯერაა დაჯარიმებული 2013–2017 წლებში. იგი 79 800 ლარითაა დაჯარიმებული. იმის მიუხედვად, რომ  მისი ჯარიმები აღსრულებაზეა გადაცემული, რეაგირება აქამდე არ დამდგარა.

მძღოლი 12 სხვადასხვა მანქანის მართვის დროს დააჯარიმეს, სიმთვრალეში მართვისთვის და მართვის უფლების ჩამორთმევის მიუხედავად, ავტომობილის მართვის გამო. მაგალითად, 2017 წლის 11 თევში იგი 10–ჯერ დააჯარიმეს, თუმცა არასოდეს დაუპატიმრებიათ ადმინისტრაციული წესით, რისი საშუალებაც კოდექსი ითვალისწინებს.

ამ 4 მძღოლიდან 2 ავტოავარიის მონაწილეც გახდა.

[gray_box]ზოგადი სურათი[/gray_box]

აუდიტის სამსახური ასკვნის, რომ თუ მოქალაქე სოციალურად დაუცველია და სხვა პირის სახელზე რეგისტრირებული მანქანით მოძრაობს, რაოდენ საშიშიც არ უნდა იყოს მისი მოქმედებები, მასზე არანაირი ღონისძიება არ ხორციელდება, რაც საკანონმდებლო ხარვეზია.

“კანონმდებლობა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო, ფულადი ჯარიმის გარდა, მაქსიმუმ 15-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს, რაც იშვიათად გამოიყენება. ანუ, თუ მოქალაქეს ფულადი ჯარიმების გადახდის ფინანსური საშუალება აქვს, მას შეუძლია შეუზღუდავად არღვევდეს მოქმედ კანონმდებლობას და ქულების ამოწურვის შემთხვევაშიც გააგრძელოს ავტომანქანის მართვა ისე, რომ არ დაეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა”, – წერს აუდიტი.

წლების განმავლობაში ბევრი მძღოლი იხდიდა მაღალ ჯარიმებს და კვლავ არღვევდა საგზაო მოძრაობის წესებს.

  • ერთ-ერთი მძღოლი 2013–2017 წლებში 336–ჯერაა დაჯარიმებული 13 200 ლარით, საიდანაც 303 ჯარიმა (12 200 ლარი ) გადაიხადა.
  • სხვა მძღოლი ამავე პერიოდში 175–ჯერაა დაჯარიმებული (7 800 ლარით). მან გადაიხადა 167 ჯარიმა 6 000 ლარის ოდენობით.

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 2016 წლის 25 ივნისს დააჯარიმეს მართვის მოწმობის არმქონე პირი, რომელიც სხვის ავტომობილს მართავდა, 6 დღის შემდეგ მას ანალოგიური ჯარიმა გამოუწერეს. იმავე წლის 25 ნოემბერს ორ ქვეითს დაეჯხა, რის შემდეგაც ისინი დაიღუპნენ.

აუდიტის სამსახური აცხადებს, რომ ქულათა სისტემის შემოღება დროული და დადებთი ნაბიჯია, თუმცა არ ამკაცრებს სახდელს იმ პირებისთვის, რომლებიც ქულების ამოწურვის შემდეგაც აგრძელებენ ავტომობილის მართვას.

აუდიტის სამსახური საუბრობს ადმინისტრაციულ სამარათლდარღვევათა კოდექსის 166–ე მუხლის არაეფექტურობაზე. უწყების მოსაზრებით, ის ვერ უზრუნველყოფს სისტემატურ დამრღვევთათვის ადეკვატური სასჯელის დაწესებას.

116–ე მუხლი ადგენს სიმთვრალის დროს ავტომობილის მართვაზე, მართვის მოწმობის გარეშე ავტომობილის მართვასა და 6 თვით მართვის უფლების შეჩერების საკითხებზე სახდელს.

კოდექსით არაა განსაზღვრული, თუ რა სახის სანქცია უნდა დაეკისროს პირს, რომელიც სისტემატურად არღვევს ამ კანონის მოთხოვნებს და მისი ქმედებები რეციდივის სახიათისაა. აუდიტის სამსახურის აზრით, ამ საკითხის დაურეგულირებობის გამოა, რომ ბევრი მძღოლი დაუსრულებლად არღვევს ამ კანონის მოთხოვნებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი