ახალი ამბები

უკონტაქტო პატრულირება ვერ ასრულებს გარდამტეხ როლს საგზაო უსაფრთხოებაში – აუდიტი

7 ივნისი, 2018 • 6292
უკონტაქტო პატრულირება ვერ ასრულებს გარდამტეხ როლს საგზაო უსაფრთხოებაში – აუდიტი
აუდიტის სამსახურის ანგარიშში, რომლითაც შეისწავლეს შსს-ს 2017 წლის საქმიანობა, აღნიშნულია, რომ უკონტაქტო პატრულირება არ არის ეფექტური.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ უკონტაქტო პატრულირების არსებული მოდელი და მასშტაბები ვერ ასრულებს გარდამტეხ როლს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პრობლემების მოგვარებაში. ამის მიზეზად რამდენიმე ფაქტორია დასახელებული:
  • შეზღუდულია საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობა;
  • შეზღუდულია საპატრულო ეკიპაჟების მოქმედების ზონები, სამუშაო დრო;
  • პატრულებს არ გააჩნიათ სიჩქარის მზომი ხელსაწყოები, რის გამოც ვერ ხდება სიჩქარის გადაჭარბების ფაქტების დაფიქსირება, რაც ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სამართალდარღვევაა.
აუდიტის სამსახური სთავაზობს შსს-ს, რომ სპეციალური ვებსაიტი შექმნას, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის ამსახველი თავისივე გადაღებული ვიდეო და ფოტოკადრები ატვირთოს
აუდიტის სამსახურის ინიციატივით, ატვირთული კადრების შესწავლა და მათზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება სავალდებულო უნდა იყოს სამინისტროსათვის.

პოლიციას 2017 წლის 1-ლი ივლისიდან მიეცა უფლება, თავის სარგებლობაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, მათ შორის ისეთზე, რომელსაც არ აქვს სპეციალური ამოსაცნობი ნიშნები, დაამონტაჟოს ფოტო/ვიდეოტექნიკა, აგრეთვე, არასტაციონარული სიჩქარის მზომი ხელსაწყოები.

კანონით, უკონტაქტო პატრულირებისას მოპოვებული ინფორმაცია ინახება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის შეიცავს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის ან დანაშაულის შესახებ მონაცემებს; სხვა შემთხვევაში ჩანაწერები 24 საათის განმავლობაში უნდა განადგურდეს. უკონტაქტო პატრულირებისას დაფიქსირებულ სამართალდარღვევაზე იწერება ფულადი ჯარიმა.

უკონტაქტო პატრულირების შედეგად დაჯარიმებისას [ისევე როგორც ფოტო ან ვიდეოფირზე დაფიქსირებულ ჯარიმებზე, ასევე, ჯარიმის გადაუხდელობის გამო დაკისრებულ საურავზე] ქულათა კლების სისტემა არ ვრცელდება. ანუ უკონტაქტო პატრულირების შედეგად დაჯარიმებულ მძღოლს მართვის მოწმობაზე ქულები არ დააკლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი