ახალი ამბები

სასამართლო მოსამართლის გინებაზე: მოხდება ფაქტის სამართლებრივი შეფასება

6 ივნისი, 2018 • 1684
სასამართლო მოსამართლის გინებაზე: მოხდება ფაქტის სამართლებრივი შეფასება

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო გამოთქვამს წუხილს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლესა და ერთ-ერთ მოსარჩელეს შორის სოციალურ ქსელში მომხდარი ინციდენტის გამო.

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არ მიესალმება და ემიჯნება კომუნიკაციის შეურაცხმყოფელი ფორმების გამოყენებას და მიიჩნევს, რომ საჯარო სივრცეში აზრის დაფიქსირებისას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს განსაკუთრებულად მოეთხოვებათ ეთიკის ნორმების დაცვა:

“დემოკრატიულ საზოგადოებაში სასამართლო ხელისუფლების საქმიანობას ხშირად თან სდევს კრიტიკა, მათ შორის, ზოგჯერ დაუსაბუთებელიც. შესაბამისად, სასამართლოს წევრებს მართებთ გარკვეული კრიტიკის მიღება და დაუსაბუთებელ, შეურაცხმყოფელ განცხადებებზე არაკორექტული ფორმით რეაგირებისაგან თავის შეკავება.

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ აუცილებლად მოხდება ხსენებული ფაქტის სამართლებრივი შეფასება და საჭიროების შემთხვევაში სათანადო რეაგირება. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, თამაზ ცაბუტაშვილი კი, თავის მხრივ, ბოდიშს უხდის საზოგადოებას მის მიერ გამოთქმული არაკორექტული გამონათქვამების გამო” – ვკითხულობთ სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ისე შენი დედას შ… რამდენი შენ სიმართლეს ლაპარკობ,“ – მოქალაქე გია ფაცურია ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ცაბუტაშვილმა სოციალურ ქსელ ფეისბუქში მას ზუსტად ამ სიტყვებით მიმართა.

გია ფაცურია სოციალურ ქსელში წერს, რომ 2017 წლის 4 ივლისს მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტული სარჩელით. სარჩელის განხილვა ამ დრომდე არ დაუწყია სასამართლოს. გია ფაცურია განმარტავს, რომ ფეისბუქში სასამართლოს მიერ საყვედურის გამოხატვის შემდეგ მოსამართლემ საჯაროდ შეურაცხყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი