ახალი ამბები

ქმარ-შვილის მკვლელობისთვის გასამართლებულმა მაგდა პაპიძემ სტრასბურგში იჩივლა

6 ივნისი, 2018 • 4965
ქმარ-შვილის მკვლელობისთვის გასამართლებულმა მაგდა პაპიძემ სტრასბურგში იჩივლა

ქმრისა და შვილის მკვლელობისთვის გასამართლებული მაგდა პაპიძე საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში ჩივის. ამის შესახებ ინფორმაციას “ადამიანის უფლებათა ცენტრი” ავრცელებს, რომლის იურისტი, თამუნა ავალიანი, პაპიძის ადვოკატია.

როგორც მან ნეტგაზეთთან საუბარში განმარტა, საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში უკვე დაარეგისტრირეს და მას შესაბამისი ნომერი მიეცა. რაც შეეხება თავად საჩივარს, ორგანიზაციის ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მომზადებული საჩივრით მაგდა პაპიძე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავს, დაადგინოს საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლების დარღვევა.

“საჩივრის თანახმად, 2015 წლის 19 დეკემბერს, დაკავებისას და მის შემდეგ, მაგდა პაპიძე სასტიკად იქნა ნაწამები დიდი დიღმის რაიონული პოლიციის თანამშრომლების მიერ. დაკავებისას მაგდა პაპიძე ორსულად იყო. ცემა-წამების შედეგად მას ორსულობა შეუწყდა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის გაგზავნილ საჩივარში მაგდა პაპიძე დეტალურად აღწერს იმ პოლიციელებს, რომლებმაც მასზე იძალადეს,” – ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება შსს-ს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე 2015 წლის 22 დეკემბერს დაიწყო, თუმცა, თამუნა ავალიანის თქმით, გამოძიება პოლიცილების ჩვენების საფუძველზე შეწყდა. როგორც ორგანიზაციის განცხადებაში წერია, საქმის მასალებიდან ჩანს, რომ გამოძიება სერიოზული ხარვეზებით წარიმართა.

“გამოძიებამ არ ჩაატარა მსხვერპლის მიერ დასახელებული შესაძლო დამნაშავე პირების ამოცნობა, მიუხედავად იმისა, რომ განმცხადებელმა დეტალურად აღწერა მასზე მოძალადე პოლიციელები. სავარაუდო დანაშაულის ჩამდენი პირების გამოსავლენად არც სხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებულა. მაგდა პაპიძე უთითებდა პოლიციის განყოფილების კონკრეტულ ოთახზე, სადაც მის მიმართ პოლიციელები დანაშაულებრივად მოქმედებდნენ, ასევე, დეტალურად აღწერა 4 პირი (სავარაუდო ასაკი, სიმაღლე, აღნაგობა, თმის და თვალის ფერი, ტანსაცმელი და სხვა),” – ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, “ადამიანის უფლებათა ცენტრის” ინფორმაციით, გამოძიებას არ დაუკითხვას საგამოძიებო მოქმედებაში ჩართული და პოლიციის განყოფილებაში მყოფი ყველა პირი.  ამასთან, ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ გამოძიებამ არ ჩაატარა ექსპერტიზა შესაძლო ფეხმძიმობის მოშლისა და სექსუალური ძალადობის ფაქტის დადგენის თაობაზე.

“გამოძიებამ მსხვერპლს არ მისცა გამოძიების პროცესში მონაწილეობის საკმარისი შესაძლებლობა. მას არ მიანიჭეს დაზარალებულის სტატუსი, რითაც წაერთვა საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობა. მსხვერპლი არ ფლობდა ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობის/შეწყვეტის შესახებ. ხოლო გამოძიების შეწყვეტის შესახებ 2016 წლის 2 ივნისის დადგენილება ეყრდნობოდა მხოლოდ პოლიციელების ჩვენებებს,” – წერს ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი.


ქმრისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძეს 12–მა ნაფიცმა მსაჯულმა, ერთხმად – 12 ხმით გამოუტანა გამამტყუნებელი განაჩენი. თბილისის საქალაქო სასამართლოს პრაქტიკაში ეს პირველი პრეცედენტია, როდესაც ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი ერთხმად მიიღეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ პაპიძეს უვადოდ თავისუფლების აღკვეთა 2016 წლის 6 ივლისს მიუსაჯა.

მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გაიმართა არსებითი განხილვის 16 სხდომა, დაიკითხა ბრალდების 57 მოწმე, მათ შორის, თავად ბრალდებული და დაცვის 2 მოწმე.

მაგდა პაპიძე სამართალდამცავებმა 2015 წლის 20 დეკემბერს ბრალდებულის სახით დააკავეს ქმრისა და 5 წლის შვილის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი