არჩილ ტატუნაშვილის საქმეს წამების კვალიფიკაცია დაემატა

არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე გამოძიებას, რომელიც მკვლელობისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის კვალიფიკაციით მიმდინარეობდა, წამების კვალიფიკაციაც დაემატა:

„როგორც მოგეხსენებათ, ტატუნაშვილი საქმესთან დაკავშირებით დასკვნა მივიღეთ. ამ დასკვნიდან ირკვევა, რომ არჩილ ტატუნაშვილს მრავლობითი დაზიანება აღენიშნება, ანუ, ფაქტობრივად,   ცხედარს აღენიშნება წამების კვალი. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და გარდა იმისა, რომ ამ საქმეზე მიმდინარეობდა გამოძიება მკვლელობის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის კვალიფიკაციით, დაემატა უკვე წამების კვალიფიკაცია.  ამ კუთხითაც აქტიურად იმუშავებს გამოძიება. ჩვენ ყველა მიმართულებით ვმუშაობთ. როგორც კი ახალი გარემოებები გამოვლინდა, შეიქმნა სამართლებრივი საფუძველი  იმისა, რომ დამატებითი კვალიფიკაცია დაგვემატებინა. ჩვენ ეს გავაკეთეთ.  ასევე, ინტენსიურად ვმუშაობთ  ოჯახის წევრებთან“ – თქვა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო მეზვრიშვილმა.

ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზის პირველადი დასკვნა მათ ოჯახის წევრებს გადასცეს. როგორც ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, თამარ ავალიანი “რუსთავი 2″-თან საუბარში განმარტავს, დასკვნის მიხედვით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ტატუნაშვილი აწამეს და მას 100-ზე მეტი დაზიანება სიცოცხლეშივე მიაყენეს.

მოკლედ:

22 თებერვალი: საქართველოს მოქალაქეები, არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ოსურმა მხარემ დააკავა.

23 თებერვალი: ოსური მხარის ცნობით, დაკავებულმა არჩილ ტატუნაშვილმა წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცავებს, რის გამოც მის წინააღმდეგ ძალის გამოყენება გახდა საჭირო. ოსური მხარის თქმით, ტატუნაშვილი “23 თებერვლის ღამეს ცხინვალის იზოლატორის კიბეზე დაგორდა და ცხინვალის საავადმყოფოში “გულის უკმარისობით” გარდაიცვალა”.

20 მარტი:  ტატუნაშვილის ცხედარი ცხინვალმა ქართულ მხარეს წითელი ჯვრის მისიის შუამავლობით გადასცა – თითქმის ერთი თვის შემდეგ, საერთაშორისო ზეწოლის მიუხედავად. ქართული მხარე მიიჩნევს, რომ აღნიშნული იმიტომ გაკეთდა, მისთვის ექსპერტიზის ჩატარება გართულებულიყო.

21 მარტი: ტატუნაშვილის ცხედარს ექსპერტიზა სამხარაულის ბიუროში ჩაუტარდა. როგორც წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათია” არჩილ ტატუნაშვილის ექსპერტიზასთან დაკავშირებით აცხადებს, წინასწარი ინფორმაციით, ტატუნაშვილის სხეულზე წამების კვალი აღინიშნება.

23 მარტი: საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ტატუნაშვილი მოკლულია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.