ახალი ამბებიკომენტარი

“კირილის თვალი და ყური საქართველოში” – რუსეთის ეკლესიის წარმომადგენლის მისია 

7 ივნისი, 2018 • 20440
“კირილის თვალი და ყური საქართველოში” – რუსეთის ეკლესიის წარმომადგენლის მისია 

საქართველოში რუსეთის ეკლესიას საკუთარი წარმომადგენელი ეყოლება, რომელსაც, ერთი მხრივ,  რუსულენოვანი მართლმადიდებლების მსახურება ევალება, ამავე დროს კი, იგი რუსეთის საპატრიარქოს ოფიციალური პოზიციის გამხმოვანებელიც იქნება. ამ თანამდებობაზე რუსეთის საპატრიარქოს სინოდმა დეკანოზი ვლადიმერ ალექსანდროვი დანიშნა. რუსი დეკანოზი საქართველოში უკვე ჩამოვიდა და საპატრიარქოში გამართულ შეხვედრასაც დაესწრო, ილია მეორესა და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარეს, მიტროპოლიტ ილარიონს შორის. რატომ მიიჩნია რუსეთის ეკლესიამ საჭიროდ ოფიციალური წარმომადგენლის დანიშვნა საქართველოს ეკლესიაში და რა გავლენა ექნება ამ ფაქტს რუსულ პროპაგანდასა და უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე არსებულ დისკუსიაზე? – ამ თემაზე „ნეტგაზეთი“ თეოლოგ მირიან გამრეკელაშვილს ესაუბრა.

რუსეთის საპატრიარქოს გადაწყვეტილებამ საქართველოში მისი ოფიციალური წარმომადგენლის დანიშვნის თაობაზე, საზოგადოების ერთგვარი დაბნეულობა გამოიწვია. როგორც ცნობილია, დეკანოზი ვლადიმერ ალექსანდროვი, ერთი მხრივ, იქნება რუსულენოვანი მორწმუნეების მსახური და მეორე მხრივ, მას აქვს უფლებამოსილება გააჟღეროს რუსეთის ეკლესიის ოფიციალური პოზიცია. ზოგადად, ეს რა ტიპის თანამდებობაა? უფრო დიპლომატიური თუ რელიგიური?

საქართველოსა და რუსეთის ეკლესიებს შორის არის პრაქტიკა, როცა სასულიერო პირები მეურვეობას უწევენ მათივე ეროვნების წარმომადგენლებს. დიდი ხანია ასეთი მიმოცვლა ხდება საქართველოსა და რუსეთს შორის. რუსეთშიც არსებობს ქართული სამრევლოები, ყველაზე ცნობილი არის მოსკოვის სამრევლო, სადაც, როგორც წესი, სხვა მღვდელთან ერთად ინიშნება ერთი, ოფიციალური მხარის წარმომადგენელი, ადრე ეს იყო მეუფე შიო, რომელიც ახლა პატრიარქის მოსაყდრეა.

მთავარი სიახლე ამ საკითხთან დაკავშირებით  არის ის, რომ მსგავსი დატვირთვა რუს სამღვდელოებას საქართველოში არ ჰქონია. საქართველოში არ იყო საჭირო სასულიერო პირის რუსეთიდან წარმოგზავნა, რადგან საქართველოში იყო ბევრი რუსულენოვანი ადგილობრივი ღვთისმსახური, რომლებიც წირავდნენ სლავიანურ წესზე. ის, რომ რუსულენოვანი მორწმუნეების მესვეური ამავე დროს იქნება რუსეთის საპატრიარქოს პოზიციების გამხმოვანებელი საქართველოში, არის სიახლე.

აქვე მეორე გარემოება – რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენელი ესწრებოდა პატრიარქის შეხვედრას რუსეთის საპატრიარქოს საგარეო საქმის განყოფილების უფროსთან, მიტროპოლიტ ილარიონთან, რაც,  ჩემი აზრით, ნიშნავს იმას, რომ რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენელი იქნება  პატრიარქ კირილის თვალი და ყური საქართველოში.

დეკანოზი ვლადიმერ ალექსანდროვი. ფოტო:

თქვენ აღნიშნეთ, რომ მსგავსი  წარმომადგენელი არის რუსეთშიც, საქართველოს მხრიდან. თუმცა საქართველოში რუსეთის წარმომადგენელი რუსეთის საპატრიარქოს სინოდის მიერ არის დამტკიცებული, საქართველოს – არა. მათი სტატუსი ერთი და იგივეა?

რუსი სასულიერო პირის სტატუსი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენი წარმომადგენლის, რადგან ჩვენი მხრიდან წარდგენა და დანიშვნა ხდება არა სინოდის, არამედ პატრიარქის მიერ. კახაბერ გოგოტიშვილი [საქართველოს ეკლესიის წარმომადგენელი რუსეთში] მოსკოვში გამწესდა მას შემდეგ, რაც კარგად გაართვა თავი ციანიდის საქმესთან დაკავშირებულ დელიკატურ შეკითხვებს. ეს საპატრიარქოში ჩაუთვალეს კარგ სამსახურად და გააგზავნეს საპატრიარქოს წარმომადგენლად, ეს მიიჩნევა ერთგვარ დაჯილდოებად და წახალისებად.

დღეს არაერთი ავტორიტეტული ორგანიზაცია აცხადებს, რომ რუსეთი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც, ეწევა საინფორმაციო ომს, პროპაგანდას იმისათვის, რომ ავნოს განვითარების პროდასავლურ კურსს. როგორ ფიქრობთ, არსებობს თუ არა საფუძველი, რომ რუსეთის საპატრიარქოს გადაწყვეტილება თბილისში წარმოაგზავნოს თავისი ოფიციალური წარმომადგენელი, სწორედ ამ საინფორმაციო ომის კონტექსტში დავინახოთ? მით უმეტეს, რომ ბოლო პერიოდში ხშირად ვხედავდით საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლების ვიზიტებს ბრიუსელსა თუ ვაშინგტონში, რის შემდეგაც საკმაოდ დადებითი შეფასებები ისმოდა მათი მხრიდან.  

დიახ, სწორედ ასეა. საინფორმაციო ომში რუსეთის სახელმწიფოს მოკავშირე არის რუსეთის საპატრიარქო. რუსეთის სახელმწიფო იდეოლოგიური მანქანისთვის ეკლესია არის ერთ-ერთი უმთავრესი დასაყრდენი, გაზთან და ნავთოპროდუქტებთან ერთად. ამ ყველაფერზე დგას დღესდღეობით რუსეთის გავლენები.

რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენლის დანიშვნა საქართველოში არის ნაბიჯი სწორედ იმის საპასუხოდ, რაც საქართველოში ხდება – ვგულისხმობ ქართველი სასულიერო პირების ცნობილ ვიზიტებს ვაშინგტონსა და ბრიუსელში. ეს არ იყო პატარა ნაბიჯი საქართველოს საპატრიარქოს მხრიდან და გაორებული კომენტარები მოჰყვა თავად საპატრიარქოშივე. როგორც ჩანს, ეს მთლად ერთსულოვანი გადაწყვეტილება არ ყოფილა და მოწინააღმდეგე ეპისკოპოსებიც ჰყავდა ამ ვიზიტებს.

ჩვენი სასულიერო პირების ცნობიერებაც ამ საინფორმაციო ომზეა მიბმული. მათი ქადაგებები დაცლილია ყოველგვარი თეოლოგიური სიღრმისაგან და ძირითადად ეს არის არა ქადაგებები, არამედ უფრო „მოსაზრებები“, სადაც ფიგურირებს ფსევდოპოლიტიკური კონტექსტი, რომელიც შემდეგ ახსნილია ვითომდა რაღაც ტიპის არგუმენტებით. ამ „მოსაზრებების“ ძირითადი გზავნილი არის, რომ დასავლეთი გარყვნილებას გვიპირებს, გეების არმიებია ჩასაფრებული, ამის წინააღმდეგ უნდა ვიბრძოლოთ და თავის დაცვის ერთადერთი საშუალება არის რუსეთთან დაახლოება.

მაგალითად თუნდაც, სხალთის ეპისკოპოსის, მეუფე სპირიდონის ქადაგებები მთლიანად წარმოადგენს იმ თანამედროვე მითების კოპირებას, რომლებსაც რუსეთის სპეცსამსახურები ავრცელებენ და რომელიც გათვლილია რელიგიური ცნობიერების ადამიანებზე. ეს ადამიანი ამ მითების გადაკეთებასაც კი არ ცდილობს, პირდაპირ იმეორებს მათ.

ადრე ეს ტალღა ასეთი სიმძაფრით არ იყო. ახლა რუსულმა პროპაგანდამ აითვისა სოციალური მედიის სივრცე, უფრო მეტად ახდენენ ამ აზრების ტირაჟირებას და  ინფორმაციულ ომში საქართველოს ეკლესიის შიგნით არსებული პრორუსული ფრთა რუსეთის ყველაზე დიდი მოკავშირე აღმოჩნდა.  და სხვათა შორის, ამ ყველაფერს ჩვენი სახელმწიფო მხარს უმაგრებს იმ მილიონების სახით, რომელიც ერიცხება საპატრიარქოს. ანუ ჩვენ მიერ გადახდილი გადასახადებიდან სახელმწიფო ეკლესიას უხდის თანხას და ამ თანხის დაბანდება ხდება ასეთი ტიპის საქმიანობაშიც.

თქვენი აზრით, მსგავსი „მოსაზრებების“ გახშირებას უნდა ველოდოთ რუსეთის წარმომადგენლის დანიშვნის შემდეგ?

ბუნებრივია, რომ მოხდება გაძლიერება. რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენელი დეკანოზი, როგორც ჩანს, არის კონტაქტპერსონა და ასევე, ეს არის ე.წ. მეთვალყურეც.  ვფიქრობ, უფრო გაძლიერდება ეს ტალღა, რადგან რუსეთს გაუჩნდა სერიოზული შიში, რომ საქართველოს ეკლესია არ აღმოჩნდეს მოკავშირე, მსოფლიო საპატრიარქოსი, თუნდაც იგივე უკრაინის ავტოკეფალიის საკითხში.

ზოგადად, რა ინფორმაცია გაქვთ რუსეთის ეკლესიის წარმომადგენელზე საქართველოში, დეკანოზ ვლადიმერ ალექსანდროვზე? ინტერნეტში ხელმისაწვდომი მასალებით ჩანს, რომ ის მოღვაწეობდა შვედეთში და გამოირჩეოდა რელიგიაში ლიბერალური მიდგომების დამკვიდრების კრიტიკით.

ჩანს, რომ ეს ადამიანი არის ტიპიური „პრავალსლავიანური“ ცნობიერების წარმომადგენელი, სადაც ერთმანეთშია შეზრდილი რუსული წარმოდგენა სულიერებაზე და რუსული მართლმადიდებლური პოლიტიკური იდეოლოგია. ყოველ შემთხვევაში, მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა მისი ინტერვიუების წაკითხვის შემდეგ. ის არის „სტარცების“ მიმდევარი, ეს არის თეოლოგიური მიმართულება, რომელიც ამტკიცებს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროს აღსასრულის წინ და უკვე უნდა ვემზადებოდეთ აპოკალიპტური პერიოდისათვის. ასევე ჩანს, რომ არის კარგი დეველოპერი და ეხერხება ინვესტიციების მოზიდვა.

რაც შეეხება მის დამოკიდებულებას ლიბერალური ფასეულობების მიმართ, რა თქმა უნდა, ინტერვიუებში ცალსახად ჩანს ეს არაარგუმენტირებული კრიტიკა.

წარმომადგენლების დანიშვნის პრაქტიკა რამდენად გავრცელებულია მართლმადიდებლურ სამყაროში და რომელი ქვეყნის ეკლესია გამოირჩევა ასეთი წარმომადგენლების სიმრავლით?

კათოლიკური ეკლესიისგან განსხვავებით, მართლმადიდებლურ სამყაროში ეს მიღებული პრაქტიკა არ არის. მაგალითად, კათოლიკური ეკლესია ოფიციალურად ელჩებს ნიშნავს, ელჩების გარდა არსებობს ვიკარების ინსტიტუტი. მართლმადიდებლურ სამყაროში ბოლო პერიოდში დამკვიდრდა და ამას იყენებს კონსტანტინეპოლის საპატრიარქოც, ოღონდ სხვა მხრივ, მაგალითად, რომელიმე ქვეყანაში მოღვაწე ეპისკოპოსი ან სასულიერო პირი არის მსოფლიო პატრიარქის მდივანი, მაგრამ ეს ინსტიტუტი, როგორც ასეთი, ჩამოყალიბებული ფორმით არ არსებობს. იგივე, სხვა ქვეყნებს საქართველოში ასეთი წარმომადგენელი არ ჰყავთ. საქართველოში არსებობს  ბერძნულენოვანი მრევლიც, მაგრამ მათ არ ჰყავთ წარმომადგენელი, არც არამეული ეკლესიის მრევლს უწევს მეურვეობას სირიის ეკლესიის წარმომადგენელი ან იერუსალიმის საპატრიარქო.

თქვენ ახსენეთ უკრაინის ავტოკეფალიის საკითხი. 4 ივნისს თბილისში რუსეთის მართმადიდებელი ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარის, მიტროპოლიტ ილარიონის ვიზიტის ოფიციალური მიზეზი სწორედ უკრაინის ეკლესიის გარშემო განვითარებული მოვლენები იყო. რა ხდება ახლა უკრაინის ეკლესიასთან დაკავშირებით?

უკრაინის ეკლესია იმყოფება ზუსტად იმავე  მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც იყო საქართველოს ეკლესია 1917 წელს, როდესაც გამოაცხადა ავტოკეფალიის აღდგენა და ის არ ცნეს პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე. თუმცა გავიდა დრო და საქართველოს ეკლესიამ მოიპოვა ავტოკეფალია. ახლა დრო მუშაობს უკრაინის ეკლესიის სასარგებლოდ და არა საწინააღმდეგოდ. ეს იციან უკრაინაშიც და იციან კონსტანტინეპოლშიც.

უკრაინის ეკლესია ისტორიულად არის კიევის სამთავროს დედაეკლესია, რომელიც მეათე საუკუნეში დაარსდა. შემდეგ იგი გადაიზარდა მოსკოვის მიტროპოლიაში და ახლა კიევს სურს დაიბრუნოს ძველი სტატუსი, რაც ნიშნავს დამოუკიდებელ, ავტოკეფალურ  ეკლესიას. ეს პროცესი დიდი ხანია დაძრულია, თუმცა ახლა უფრო გააქტიურდა.

უკრაინის პრეზიდენტი პოროშენკო, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად არის რუსეთის ეკლესიის მრევლი [იქ არის მონათლული], აქტიურად უჭერს მხარს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას.  გარდა პოლიტიკური რესურსების მობილიზებისა, უკრაინის ეკლესია აქტიურად მუშაობს ინტელექტუალური რესურსების მიმართულებით. ძალიან ცნობილ პროფესორს დავასახელებდი, პაველ გავრილიუკს, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს და არის ძალიან გავლენიანი ფიგურა თეოლოგიურ წრეებში, ასევე, კირილ გოვორუნი, რომელიც კიდევ უფრო მეტად არის დაკავშირებული ეკლესიასთან და რომელიც იყო რუსეთის ეკლესიის მმართველის მოადგილე უკრაინაში. შემდეგ მათი გზები გაიყარა და გოვორუნი გახდა უკრაინის ეკლესიის წევრი. მან ძალიან კარგად იცის რუსეთის ეკლესიის შიდასამზარეულო, კარგი თეოლოგია, შესანიშნავად ფლობს ბერძნულ ენას და სწორედ მან განაცხადა ორიოდე კვირის წინ, რომ თავისი თვალით იხილა უკვე ბერძნულ ენაზე შედგენილი და გამზადებული ე.წ. ტომოსი. ეს არის, დაახლოებით რომ ავხსნათ, ეკლესიის დამოუკიდებლობის დეკლარაცია. გოვორუნის თქმით, დოკუმენტი უკვე მზადაა და უკრაინის ავტოკეფალიას წინ ვეღარაფერი დაუდგება.

ამ სიტუაციაში, როდესაც ცნობილია რუსეთის საპატრიარქოს პოზიცია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქოს პოზიცია რა იქნება, თქვენი აზრით?

რუსეთის ეკლესიას აქვს მუდმივად ერთი და იგივე პოზიცია ბევრ საკითხთან მიმართებაში – მას არ სურს აღმოჩნდეს რაიმე საკითხის წინააღმდეგ მარტო, ამიტომაც ძალიან დიდ რესურს სდებს იმაში, რომ ჰყავდეს მოკავშირე ეკლესიები. ერთ-ერთი ასეთი მოკავშირე მისთვის არის საქართველოს ეკლესია. მის მოკავშირეთა სიაში შედის ანტიოქიის ეკლესია, ბულგარეთის ეკლესია და ნაწილობრივ – იერუსალიმის საპატრიარქო. ახლო აღმოსავლეთის ეს ორი ეკლესია, რომლებიც დაგისახელეთ, ფაქტობრივად, რუსეთის ფულზეა დამოკიდებული. რაც შეეხება საქართველოს ეკლესიას, ფულადი რესურსების დახარჯვა მას აქ ნაკლებად უწევს, მხოლოდ იდეებითაც ადვილად გადის ფონს.

შეიძლებოდა, რაღაც საშუალო მიდგომის დაფიქსირება ან მინიმუმ კომპეტენტური არგუმენტის დამუშავება მაინც და არა ის, როცა ძალიან უხეშად განაცხადეს, რომ ეს არის დარღვევა და ა.შ. დარწმუნებული ვარ, უკრაინის ეკლესია მოიპოვებს დამოუკიდებლობას, თუმცა რა დრო დასჭირდება ამას, ძნელი სათქმელია. ჩემი აზრით, თუ მსოფლიო საპატრიარქო დარწმუნდება, რომ დასაკარგი აღარაფერი აქვს რუსეთის საპატრიარქოსთან მიმართებაში, მაშინ შეიძლება გადადგას ეს ნაბიჯი.

აქ არის კიდევ რამდენიმე ეკლესიის თემა: მაკედონიის ეკლესია, რომელიც სერბეთის ეკლესიისგანაა გამოყოფილი, ასევე მოლდოვისა და ესტონეთის ეკლესიები რუსეთის საპატრიარქოში შედიან. თუ მოხდება კიევის ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა, წავა ჯაჭვური რეაქცია და ეს ეკლესიებიც მოითხოვენ ავტოკეფალიას.

თუ უკრაინის ეკლესია მიიღებს ავტოკეფალიას, ეს რამდენად შეამცირებს რუსეთის საპატრიარქოს გავლენას მართლმადიდებლურ სამყაროში? რა მოცემულობას მივიღებთ ამის შედეგად?

თუ გამოცხადდება უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია, ჩემი აზრით, ეს იქნება ყველაზე დიდი დარტყმა რუსეთის ეკლესიისთვის წითელი რევოლუციის შემდეგ.

ამის შედეგად რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი, ფაქტობრივად, განახევრდება და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია იქნება სიდიდით მეორე მართლმადიდებელი ეკლესია მსოფლიოში. გარდა ამისა, რუსეთის სახელმწიფო დაკარგავს ძალიან დიდ ინფრასტრუქტურას, რომელსაც ის იყენებს პოლიტიკური გავლენების მოსაპოვებლადაც; რუსეთის საპატრიარქო დაკარგავს  იდეოლოგიური, საეკლესიო პოლიტიკისთვის მნიშვნელოვან დასაყრდენს, ისეთ ტერიტორიებს, როგორიცაა, მაგალითად, კიევ-პეჩორისა და დანილოვოს ლავრები, მონასტრებს, რომლებიც წარმოადგენენ ერთგვარ საკულტო ადგილებს.

არა მგონია, ამ ეტაპზე უკრაინის ეკლესიამ მოიპოვის ავტოკეფალია, თუმცა გამორიცხული არაფერია, არ ვიცით, მსოფლიო საპატრიარქოში რა მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

2016 წელს, კრეტაზე შემდგარ, მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა და დიდ კრებას რუსეთის ეკლესიამ გამოუცხადა ბოიკოტი და კრებაზე არც საქართველოს ეკლესია წავიდა, თუმცა სხდომა ჩატარდა, დოკუმენტები მიღებული იქნა და ახლა უკვე ახალი კრების სამზადისზეა საუბარი.

შეიძლება ითქვას, რომ მართლმადიდებელი სამყარო აშკარად ადგას გარკვეული განახლების გზას. მაგალითად, ალექსანდრიის (ეგვიპტის) პატრიარქმა მოახდინა ქალ დიაკონთა ხელდასმა, მიდის მსჯელობა მნიშვნელოვან საკითხებზე და რუსეთის ეკლესია ამ ყველაფერში არათუ მონაწილეობას არ იღებს, არამედ ცდილობს ყველაფერი დაბლოკოს და ყველაფერს უკეთებს ე.წ. შავ პიარს. ფაქტობრივად იქმნება ისეთი სიტუაცია, რომ რუსეთის ეკლესია არჩევანს არ უტოვებს მსოფლიო საპატრიარქოს. მსოფლიო საპატრიარქომ ან უნდა მოიცილოს რუსეთის ეკლესია, როგორც რაღაც დამაბრკოლებელი, ან რუსეთის ეკლესიამ უნდა დათმოს თავისი პოზიციები.

იმ შემთხვევაში, თუ საქართველო მხარს დაუჭერს უკრაინის ავტოკეფალიას, ხომ არ შეეცდება რუსეთი, რომ აფხაზეთი გაიყვანოს საქართველოს იურისდიქციიდან? რა შანსი ექნება ამის გასაკეთებლად?

რუსეთს ნაკლებად აქვს ბერკეტი, რომ გამოაცხადოს აფხაზეთი რუსეთის ეკლესიის ნაწილად, ამის ეკლესიური და ისტორიული წანაძღვრები არ არსებობს და ვფიქრობ, ნაკლები შანსია ამ თემით სპეკულაცია მოხდეს. ეს იქნება ისეთი თავხედური საქციელი, რომ ამას საეკლესიო სამყაროში არავინ არ მიიღებს, რადგან აფხაზეთის ეკლესია არასდროს ყოფილა რუსეთის ეპარქია.

გარდა ამისა, აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ძალიან საინტერესო პროცესი საეკლესიო თვალსაზრისითაც. შესუსტდა იქ მყოფი პრორუსული სასულიერო პირების პოზიცია. აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ელიტა ახლა მხარს უჭერს ე.წ. პროაფხაზური ავტოკეფალიის საკითხს, რომელსაც სათავეში უდგას ბერი დოროთი დბარი. ეს არის ძალიან აქტიური ადამიანი, რომელიც კარგად ფლობს ბერძნულ ენას (როგორც ვიცი, იცის ქართულიც) და არის დაახლოებული ბერძნულ მართლმადიდებლურ სამყაროსთან,  განსაკუთრებით კონსტანტინეპოლის საპატრიარქოსთან. ასე, რომ არა მგონია მომხრეები ჰყავდეს ამ იდეას.

მასალების გადაბეჭდვის წესი