ახალი ამბები

მთავრობის სარეზერვო ფონდის მესამედი ღონისძიებების დაგეგმვაზე იხარჯება – IDFI

6 ივნისი, 2018 • 3131
მთავრობის სარეზერვო ფონდის მესამედი ღონისძიებების დაგეგმვაზე იხარჯება – IDFI

არასამთავრობო ორგანიზაცია “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, მთავრობის სარეზერვო ფონდის მესამედი არა ფორსმაჟორულ სიტუაციებზე, არამედ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების ჩატარებაზე იხარჯება.

ორგანიზაციის თქმით, 2013–2017 წლებში მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გაიცა 595 მლნ ლარზე მეტი. ამ პერიოდში ყველაზე მეტი თანხა გაიცა 2016 წელს – 172 მლნ ლარზე მეტი.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ კანონმდებლობაში არსებული ჩანაწერები შეუზღუდავ საშუალებას აძლევს ხელისუფლებას სარეზერვო ფონდების განკარგვისთვის. არსებობს ბიუჯეტის დაგეგმვის პრობლემა და გაუმჭვირვალე ხარჯვის რისკები.

სარეზერვო ფონდიდან ხშირად თანხები გამოიყოფა საბიუჯეტო ორგანიზაციების შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის, ან ცალკეული მიმდინარე ხარჯების დასაფარად კონკრეტული მიზეზის მითითების გარეშე, რაც ეჭვქვეშ აყენებს აღნიშნული ხარჯების სარეზერვო ფონდიდან დაფინანსების აუცილებლობას, აცხადებს IDFI.

კვლევის მიგნებები:

  • ყოველწლიურად სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული მთავრობის სარეზერვო ფონდის მოცულობა დაგეგმილთან შედარებით იზრდებოდა მინიმუმ 80%-ით
  • ყველაზე მეტი თანხა გაიცა გაუთვალისწინებელი ხარჯების დასაფარად – 155 მლნ ლარზე მეტი (ჯამურად გაცემული თანხის 26,17%). თუმცა ამ კატეგორიას მცირედით ჩამორჩება ღონისძიებების ორგანიზება – 150 მლნ ლარზე მეტი (ჯამურად გაცემული თანხის 25,2%)
  • მნიშვნელოვანი ნაწილი უკავია  სახელმწიფო სტრუქტურების ფუნქციონირებისთვის საჭირო თანხებს (9%) და სოციალურ ხარჯებს
  • წლების განმავლობაში მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სახსრები გამოიყოფოდა ისეთი ხარჯების დასაფარად, რომლებიც ყოველწლიურიად და დაგეგმვის ეტაპზე შესაძლებელი მათი გათვალისწინება სახელმწიფო უწყებების ბიუჯეტებში.

საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდის ხარჯვის მიმოხილვა_ 2013-2017 წლები IDFI-ის ინფოგრაფიკა

მასალების გადაბეჭდვის წესი