ახალი ამბები

მემანქანეების გაფიცვა დასრულდა, მეტრო ამუშავდება

6 ივნისი, 2018 • 17462
მემანქანეების გაფიცვა დასრულდა, მეტრო ამუშავდება

კახა კალაძესა და მეტროს გაგიცულ თანამშრომლებს შორის შეთანხმება შედგა – ამის შესახებ “ერთობა 2013”-ის წარმომადგენლები იუწყებიან.

EMC-ის იურისტ ლინა ღვიმიანიძის ცნობით, რომელიც მემანქანეებს იურიდიულ დახმარებას უწევს, მეტროპოლიტენი მუშაობას დღეს, 6 ივნისს, 14:00-ზე განაახლებს.

როგორც პროფკავშირული გაერთიანება “ერთობა 2013”-ის თავმჯდომარემ, რატი კაპანაძემ “რუსთავი2”-ს განუცხადა, მათი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე პასუხისმგებლობა კალაძემ აიღო.

“შეთანხმება მიღწეულია. მეტროპოლიტენი დღეს ამუშავდება. მინიმალური მარჟა, რაც ჩვენი მხრიდან იყო დაყენებული, იქნება შესრულებული. ამაზე პასუხისმგებლობა აიღო მერმა”, – აღნიშნა მან.

შეთანხმების დეტალებზე დამატებითი ინფორმაციის მოსაპოვებლად “ნეტგაზეთი” ცდილობს დაკავშირებას როგორც “ერთობა 2013”-ის წევრებთან, ისე მერიასთან.

მეტროპოლიტენის გაფიცულ თანამშრომლებსა და კახა კალაძეს შორის შეხვედრა გვიან ღამით დაიწყო და რამდენიმე საათს გაგრძელდა. გაფიცვის შეწყვეტაზე მხარეები სწორედ აღნიშნულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.

მანამდე მემანქანეები “ნეტგაზეთს” უცხადებდნენ, რომ მზად იყვნენ, გაფიცვა შეეწყვიტათ, თუ მერია დოკუმენტურად დაადასტურებდა, რომ ხელფასის 45%-ით ზრდა 2019 წლის 1 იანვრიდან დაიწყება.


თბილისის მეტროპოლიტინების თანამშრომლებმა, რომლებიც მეტროში მოქმედ ალტერნატიულ პროფკავშირ “ერთობა2013”-ში ერთიანდებიან, გაფიცვა და შიმშილობა 3 ივნისს, 15:00-ზე დაიწყეს. ისინი 4 ივნისს სამსახურში გამოცხადნენ, თუმცა გადაღლისა და შიმშილის ფონზე, ჯანმრთელობის სტანდარტულ შემოწმებაზე დამაკმაყოფილებელი შედეგი ვერ აჩვენეს, რის გამოც თბილისის მეტრო გაჩერდა. თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეები ანაზღაურების 45%-ით გაზრდას ითხოვდნენ და აცხადებდენ, რომ 2013 წლიდან მათი ხელფასები არ გაზრდილა.

თბილისის მეტროს მემანქანეებსა და “თბილისის სატრანსპორტო კომპანიას” შორის რამდენიმეთვიანი შრომითი დავის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლომ მემანქანეებს გაფიცვა ორჯერ გადაუვადა: თავდაპირველად, 3 მაისს, 30 დღით, შემდგომ კი განუსაზღვრელი დროით. განჩინებაში ეწერა, რომ მათ გაფიცვის უფლება მხოლოდ არასამუშაო საათებში ჰქონდათ. “ერთობა2013”-ის წევრებმა გადაწყვეტილება აბსურდულად მიიჩნიეს, თუმცა ტექნიკურად შეასრულეს ის და გაფიცვა არასამუშაო საათებში დაიწყეს.

გაფიცვას პირველივე დღეს თბილისის მერი კახა კალაძე სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა. მან თქვა, რომ მემანქანეების ხელფასები 1 400- 800 ლარს აღწევს. ზოგ შემთხვევაში კი 2 000 ლარს აჭარბებს. მერმა ასევე აღნიშნა, რომ “ერთობა 2013”-ს ხელაფსების მომატება მგზავრობის ტარიფების ზრდის ხარჯზე სურდათ. მემანქანეებმა კალაძე სიცრუეში დაადანაშაულეს და განაცხადეს, რომ ანაზღაურების ზრდა მგზავრობის გაძვირების ხარჯზე არ მოუთხოვიათ. მათ “ნეტგაზეთს” საბანკო ამონაწერების აჩვენეს, სადაც ჩანს რომ მათი ყოველთვიური ხელფასი კალაძის ვერსიისგან განსხვავდება და 1 100 – 1 200 ლარის ფარგლებში მერყეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი