ახალი ამბები

მწერლების, პოეტების, თარჯიმნებისა და ხელოვანების სოლიდარობა მეტროს თანამშრომლებს

6 ივნისი, 2018 • 2438
მწერლების, პოეტების, თარჯიმნებისა და ხელოვანების სოლიდარობა მეტროს თანამშრომლებს

სახელოვნებო და საზოგადოებრივი ჯგუფების წარმომადგენლები მეტროპოლიტენის გაფიცულ თანამშრომლებს სოლიდარობას უცხადებენ.

მწერლები, პოეტები, მთარგმნელები და ხელოვნების სფეროში მომუშავე ადამიანები თავიანთ განცხადებაში საუბრობენ მეტროს თაბნამშრომელთა მოთხოვნის სამართლიანობაზე და აცხადებენ, რომ თბილისის მერია ქალაქში შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს:

“თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომლები 3 ივნისიდან იყენებენ შრომის უფლებებისთვის ბრძოლის უმთავრეს იარაღს – საპროტესტო შიმშილობასა და გაფიცვას. მეტროს თანამშრომლების სამართლიანი მოთხოვნების განხილვის ნაცვლად თბილისის მერია ცდილობს, ქალაქის სატრანსპორტო კოლაფსზე პასუხისმგებლობა მეტროს მემანქანეებს დააკისროს. გაფიცვის დაწყების შემდეგ ჩვენ ვისმენთ ქალაქის მერისა და სხვა მაღალი თანამდებობის პირების მუქარასა და გაფიცვის კონსტიტუციური უფლების დაკნინებას. ქალაქის ხელმძღვანელობის განცხადებები და გადაწყვეტილებები აგრძელებს ქვეყნის საჯარო ცხოვრების ყველა სფეროში ფესვგადგმულ ანტისოციალურ პოლიტიკას”.

განცხადების ხელმომწერთა თქმით, დაუშვებელია ქალაქის მთავრობის მიდგომა, რომლითაც ის მემანქანეთა და სხვა სფეროს მუშაკთა ხელფასებს ადარებს და ასე მეტროს თანაშრომელთა არსებული ანაზღაურების გამართლებას ცდილობს.

“ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს მოქალაქეებს მათივე შრომის თანაზომიერი, ღირსეული ანაზღაურება უნდა ჰქონდეთ. ამასთან, დაუშვებლად მიგვაჩნია მერიის მიდგომა, მეტროში დასაქმებულთა მცირე ანაზღაურება მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სფეროში მომუშავე ადამიანთა კიდევ უფრო მცირე ხელფასით გაამართლოს. ეს მიდგომა აჩვენებს ქალაქის ხელმძღვანელობის უუნარობას, შექმნას მოქალაქეთათვის ღირსეული საცხოვრებელი გარემო და დაავალდებულოს სხვა კერძო კომპანიები, შრომის პირობების დაცვა უზრუნველყონ.
ამ განცხადების ხელმომწერებს შორის ვართ ისეთებიც, რომელთა შრომითი ანაზღაურება შესაძლოა მეტროს მემანქანეთა ხელფასზე ნაკლები იყოს. თუმცა ეს ხელს არ გვიშლის, ვიყოთ სოლიდარულები მათ მიმართ”, – წერია განცხადებაში.

განცხადებას ხელს სახელოვნებო და საზოგადოებრივი ჯგუფების შემდეგი წარმომადგენლები აწერენ:

თეონა დოლენჯაშვილი, პაატა შამუგია, ლაშა ბუღაძე, ნინო სადღობელაშვილი, მაკა ლდოკონენი, ირინე ჭოღოშვილი, ზაალ ანდრონიკაშვილი, დიანა ანფიმიადი, ნინო ბექიშვილი, ბელა ჩეკურიშვილი, ერეკლე დეისაძე, ზვიად რატიანი, ირაკლი ლომოური, ბექა ქურხული, ლაშა ბაქრაძე, დალილა გოგია, ირაკლი კაკაბაძე, ნატო ინგოროყვა, ლევან ბერძენიშვილი, გიორგი მაისურაძე, დარეჯან კიკოლიაშვილი, დავით გაბუნია, ნინო სურამელაშვილი, მაგდა გურული.

მასალების გადაბეჭდვის წესი