ახალი ამბები

“ლეგიონერები” ტროლების წინააღმდეგ – როგორ აპირებენ რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლას

5 ივნისი, 2018 • 3788
“ლეგიონერები” ტროლების წინააღმდეგ – როგორ აპირებენ რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლას

ანტიდასავლურ პროპაგანდასთან საბრძოლველად საქართველოში “საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონი” იქმნება. პროექტის პრეზენტაცია დღეს, 5 ივნისს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართა. პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია “სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი-საქართველო“ ახორციელებს და მისი დამფინანსებელი არის USAID.

პროექტის მიხედვით, საქართველოს საინფორმაციო სივრცის დასაცავად მოქალაქეები გაწევრიანდებიან სპეციალური ონლაინ-პლატფორმაზე რეგისტრაციით (infoarmy.ge) “საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონში“. ისინი პროექტის ანალიტიკური ჯგუფის მიერ შექმნილ გზავნილებს ელექტრონულ ფოსტაზეც მიიღებენ და თავადაც ჩაერთვებიან კონტრპროპაგანდისტული გზავნილების შემუშავების პროცესში.

როგორც პროექტის ხელმძღვანელმა გიორგი მოლოდინმა პრეზენტაციაზე თქვა, პროექტის დაწყებიდან რამდენიმე თვეში ხელმისაწვდომი იქნება მობილური აპლიკაციაც, რომელიც მათდაეხმარება გზავნილების ოპერატიულ გავრცელებაში.

თითოეულ ადამიანს, რომელიც პროექტშია ჩართული, “ლეგიონერი” ჰქვია. პროექტის მთავარი ამოცანაა მეტი “ლეგიონერი” და მეტი გაზიარება სოციალურ ქსელში. ლეგიონს ექნება ორი მთავარი ჰაშთაგი #ჩვენმოვიგებთომს და #ძალაჩვენშია.

როგორც გიორგი მოლოდინმა ნეტგაზეთს განუცხადა, “ლეგიონერების” საქმიანობა იქნება მოხალისეობრივი და არ ანაზღაურდება, თუმცა ყველაზე აქტიურ “ლეგიონერებს” შესაძლებლობა ეძლევათ ანტიდასავლურ პროპაგანდასთან ბრძოლის საქმეში შეტანილი წვლილისათვის ოთხთვიანი ფინანსური მხარდაჭერა მოიპოვონ.

“მთავარი მიზანი იქნება, გამოვიდეთ თავდაცვითი რეჟიმიდან და ვიყოთ პროაქტიულები, წინმსწრებად მოვახდინოთ საზოგადოების ინფორმირება, რათა მან წინასწარ იცოდეს მოწინააღმდეგის მიზნები და ამოცანები”, – ამბობს გიორგი მოლოდინი. მას მიაჩნია, რომ პროდასავლური გზავნილები, რომლებსაც ხელისუფლება და არასამთავრობო სექტორი ავრცელებს, რთულად აღსაქმელია და ისინი ამის გაკეთებას უფრო მარტივად და ეფექტიანად შეეცდებიან.

“უკრაინელებისგან და ლიტველებისგან განსხვავებით, არ ვიქნებით თავის მართლების რეჟიმში. მაგალითად, წინმსწრებად მოგიყვებით, რატომ ვერ იქნება ოკუპირებული ტერიტორიები წარმატებული, რატომ ვერ მოხდება რუსეთის ფედერაციაში ქართული იდენტობის შენარჩუნება და ა.შ.”, – ამბობს გიორგი მოლოდინი.

ნეტგაზეთის კითხვაზე, “ლეგიონერები” ინტერნეტტროლების მსგავსად ანონიმურად ხომ არ აპირებენ მუშაობას, მოლოდინი პასუხობს:

“არ იმუშავებენ როგორც ტროლები, ისინი იმუშავებენ როგორც რეალური ადამიანები, მაგრამ ეს არ გამორიცხავს, რომ ჩვენ დამხმარე ინფრასტრუქტურები შევქმნათ, რადგან ასიმეტრიულ ბრძოლაში ჩვენ მოგვიწევს რაც შეიძლება ყველა ძალა გამოვიყენოთ. ჩვენ ვავრცელებთ სიმართლეს და არ გვჭირდება ამისთვის სახის დამალვა”.

ინტერნეტტროლებს უწოდებენ ადამიანებს ან ადამიანთა ჯგუფს, რომლებიც ძირითადად ყალბი ანგარიშებით, ხშირ შემთხვევაში კი ანონიმურად, ავრცელებენ დეზინფორმაციას, ცდილობენ ინტერნეტში კონფლიქტის, დაბნეულობისა და ქაოსის გამოწვევას.

როგორც გიორგი მოლოდინი ამბობს, “საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონის” პრიორიტეტი იქნება საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებულ დეზინფორმაციასთან ბძოლა და ისინი არ ჩაერთვებიან ქვეყნის შიდა მასშტაბის დეზინფორმაციასთან ბრძოლაში. შიდა პოლიტიკური დეზინფორმაციული ომი კი, მოლოდინის თქმით, მხოლოდ საგარეო პოლიტიკის კონტექსტში იქნება მნიშვნელოვანი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი