ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

ქალის მოტაცების დეკრიმინალიზაციის გეგმა აზერბაიჯანში

5 ივნისი, 2018 • 3469
ქალის მოტაცების დეკრიმინალიზაციის გეგმა აზერბაიჯანში

აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის [პარლამენტი] საზოგადოებრივი გაერთიანებებისა და რელიგიური სტრუქტურების საკითხების კომიტეტის თავმჯდომარე სიავუშ ნოვრუზოვი რამდენიმე დღის წინ საინტერესო განცხადებით გამოვიდა – “ოჯახის შექმნის მიზნით ქალის მოტაცება სისხლის სამართლის კოდექსში ადამიანის გატაცებასთან არ უნდა იყოს გაიგივებული”.  

ჯერ კიდევ 2000 – იანი წლების დასწყისში გოგოს მოტაცება ქორწინების მიზნით აზერბაიჯანში ჩვეულებრივი ამბავი იყო. მსგავსი შემთხვევების რიცხვი იმდენად გაიზარდა, რომ ქალების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა მაშინ განგაშის ზარები შემოჰკრეს.

მთავარი პრობლემა ის იყო, რომ უმრავლეს შემთხვევებში ეს წარმოადგენდა ქალის ნების წინააღმდეგ ჩადენილ ქმედებას. ტრადიციული ასპექტების გათვალისწინებით კი, მოტაცებული ქალი ოჯახს ვეღარ დაუბრუნდებოდა, რადგანაც “საზოგადების თვალში უკვე შერცხვენილი იყო”. შესაბამისად, ეს ფაქტორი გოგოს აიძულებდა მსხვერპლად დარჩენას დათანხმებოდა. ყველაფერთან ერთად, ასეთ დროს ქალის მიმართ ფსიქოლოგიურ ძალადობასთან ერთად ფიზიკური ძალადობაც ხდება.

შესაბამისად, დეპუტატ ნოვრუზოვის განცხადება საზოგადოებაში ცალსახად არ მიუღიათ. იმ დროს, როდესაც ამ ინიციტივას საზოგადოების კონსერვატიული ნაწილი ტაშს უკრავს, იურისტები და უფლებდამცველები შეშფოთებული არიან.

შეუძლია თუ არა მილი მეჯლისის დეპუტატებს კანონმდებლობაში ცვლილებების იმგვარად შეტანა, რომ ქალის გამტაცებლის სასჯელი შემსუბუქდეს, რამდენად არის ეს რეალური? ასევე, მსგავსი საკანონმდებლო ცვლილებების მიღების შედეგად,  როგორი იქნება შედეგი?

მეჰრიბან ზეინალოვა აზერბაიჯანში ქალებისა და ბავშვების უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია “სუფთა სამყაროს”  ხელმძღვანელია. ზეინალოვა ნოვრუზოვის აღნიშნული ინიციატივის შესახებ საუბრობს:

“ზოგიერთი უფლებადამცველი, როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, გამტაცებლის მხარესაა და იმაზე აპელირებს, რომ კაცს კეთილშობილური მიზანი აქვს, როდესაც ქალს იტაცებს”.

ზეინალოვა ამბობს, რომ ასეთი ტიპის კანონის მიღება არარეალურია, ვინაიდან შემთხვევები აქაც სხვადასხვაა.

“როდესაც სრულწლოვან გოგოს მისივე თანხმობით “იტაცებენ”, აქ არ არის კრიმინალი. ასე იქცევიან ძირითადად ის წყვილები, ვინც ვერ დაარწმუნა მშობლები მათ ქორწინებაზე. ამ შემთხვევაში მშობლებს არ აქვთ არანაირი საფუძველი, პოლიციას საჩივრით მიმართონ.

თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, მოტაცება ხდება გოგოს თანხმობის გარეშე, ან როდესაც გოგონა არ არის სრულწლოვანი. ასეთ შემთხვევებში დეკრიმინალიზაცია დაუშვებელია”, – ამბობს ზეინალოვა.

იურისტი ზაურ გურბანლი ნეტგაზეთთან საუბარში საბჭოთა დროს იხსენებს, როდესაც ქალის მოატაცება ადამიანის გატაცებად არ მიიჩნეოდა და  სხვანაირად ისჯებოდა:

“საბჭოთა დროს საბჭოთა ხელისუფლება აჩვენებდა ტოლერენატობას ადგილობრივი ზნეჩვეულებების მიმართ. ერთ -ერთი ასეთი ზნეჩვეულება ქორწინების მიზნით სწორედ ქალის მოტაცება იყო. ასევე საბჭოთა სისტემა მიიჩნევდა, რომ გოგოს მოტაცებას არ აქვს ცუდი  მიზანი, სარგებელი ან სხვა რამ, გარდა ოჯახის შექმნისა.

ამიტომაც ქალის გამტაცებლები, ქალის მხრიდან საჩივრის შემთხვევაშიც, მსუბუქ სასჯელს იღებდნენ, თუმცა 1999 წელს ქალის მოტაცება ადამიანის გატაცების მუხლს გაუთანაბრეს, რაც 5- დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”.  

იურისტის, ზაურ გურბანლის თქმით, დეპუტატი ნოვრუზოვი მართალია იმასთან დაკავშირებით, რომ ქალის მოტაცება არ უნდა გაუტოლდეს სარგებელის მიღების მიზნით ადამიანის გატაცების ზოგად მუხლს.

“მართალია ნოვრუზოვი, ადამიანის გატაცება სარგებელის მიღების მიზნით უფრო მსუბუქი დანაშაულია, ვიდრე ქალის მოტაცება, ვინაიდან მეორე შემთხვევაში დანაშაულის მიზანია, ძალადობის გზით დაამყაროს სქესობრივი კავშირი და შემდეგ ის საკუთარ ცოლად აქციოს. შესაბამისად, ეს დანაშაული უფრო მკაცრადაც უნდა ისჯებოდეს. დეკრიმინალიზაციაზე კი არც უნდა იყოს საუბარი, ვინაიდან ეს ახალი შემთხვევების რაოდენობის გაზრდას მისცემს ბიძგს. გაუპატიურებული გოგოები კი, რომლებიც ძალადობის შემდეგ ბედს ურიგდებიან, ვერ გახდებიან თავისუფალი საზოგადოების წევრები”.

შესაბამისად, გურბანლი მიიჩნევს, რომ ცვლილებები მიღებული არ უნდა იყოს დეკრიმინალიზიის სასარგებლოდ:

“ჩვენ ყველამ ვიცით, როგორ იმართებიან მილი მეჯლისის დეპუტატები და ჩვენ მათგან არ ველით ადეკვატურ რეაქციებს”.

ქალთა რესუსრების ცენტრის თავმჯდომარე მატანათ აზიზოვა მიიჩნევს, რომ ქალის მოტაცების დეკრიმინალიზაციის სურვილი კარგად აჩვენებს ხელისუფლების დამოკიდებულებას ქალებისადმი:

“ბატონმა ნოვრუზოვმა ისეც ვერ გაიგო, რომ ადამაინის ნების საწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედება უკვე დანაშაულია და ადეკვატურად უნდა იყოს დასჯილი.

გავიხსენოთ, რომ სასჯელი ოჯახში ძალადობის შემთხვევაში სისხლის სამართლიდან გადაკვალიფიცირეული იყო ადმინისტრაციულში. თუ ქმარმა ცოლს სცემა, გადაიხდის ჯარიმას და გზას გააგრძელებს. ცვლილებების მიზეზი დაკავშირებული იყო იმასთან, რომ სამართალდამცველ ორგანოებში ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე საჩვრების რიცხვი გაიზარდა, ეს კი ქვეყნის სტატისტიკას აფუჭებდა”.

გამოსავალი იყო კანონის შეცვლა. ქალი, რომელიც ხედავდა, რომ კანონი პრაქტიკულად ვერ იცავს მას, და პირიქით, მეორადი ძალადობის მსხვერპლი ხდება, უფრო ნაკლებად მიმართავდა  სახელმწიფო სტრუქტურებს საჩივირით.

“საბოლოო ჯამში, ქვეყნის სტატისტიკა ოჯახში ძალადობის კუთხით საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის იდეალურად გამოიყურება, თუმცა, რეალურად, სიტუაცია უარესდება. ძალიან ვიმედოვნებ, რომ ეს პრაქტიკა არ იქნება გამოყენებული ქალის გატაცების შემთხვევაშიც და კანონში ცვლილებები არ შევა”.

აზიზოვა აქვე ამბობს, რომ დღეს ქალის გატაცების შემთხვევები ისევე მწვავედ აღარ დგას, როგორც მაგალითად, 15-20 წლის წინ, რაც სწორედ იმ კანონის გამკაცრების დამსახურებაა, რომლის პროცესში უფლებადამცველი ქალები მონაწილეობდნენ.

“თუმცა პრობლემის უკან კვლავაც რჩება ქალთა მიმართა ძალადობის ზნეჩვეულება და ტრადიცია. ძალადობის დამცველები სხედან პარლამენტში, პოლიციაში, მედიაში და ასეთ დროს შეუძლებელია, აქტიურები იყვნენ,  რადგან თავადაც მოიტაცეს ქალები, რომლებიც მათი ცოლები გახდნენ, რომელთაც სცემენ და აუპატიურებენ. იმ შემთხვევაში, თუ კანონი შემსუბუქდება, ვნახავთ, რომ პრობლემა კვლავ მზარდი იქნება და ქალებს კიდევ მოუწევთ დამცირებისა და ძალადობის ატანა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი