ახალი ამბები

“თითოეული გაფიცულის ინტერესებს დავიცავთ” – ლომჯარია მემანქანეებს შეხვდა

5 ივნისი, 2018 • 2257
“თითოეული გაფიცულის ინტერესებს დავიცავთ” – ლომჯარია მემანქანეებს შეხვდა

თბილისის მეტროს მემანქანეებს, რომლებიც მეორე დღეა გაფიცულნი არიან, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია შეხვდა. ომბუდსმენი დეპო “გლდანის” მიმდებარედ შეკრებილ გაფიცულებს ესაუბრა და სამართლებრივ დახმარებას დაჰპირდა.

ლომჯარიას განცხადებით, არასწორი და კომიკურია სასამართლოს გადაწყვტილება, რომლითაც მემანქანეებს არასამუშაო საათებში გაფიცვა აეკრძალათ. მისი განცხადებით, სახალხო დამცველის აპარატი ყველა დასაქმებულის ინტერესებს დაიცავს.

“როდესაც გაფიცვას ეხება საქმე, აბსოლუტურად კომიკურია, როცა გაფიცვის უფლება დასაქმებულებს ეძლევათ არასამუშაო საათებში, რადგან გაფიცვა გულისხმობს სწორედ სამუშაო საათებში სამუშაო ვალდებულებების თავიდან არიდებას. გაფიცვის უფლება არის გარანტირებული და უზრუნველყოფილი. აქედან გამომდინარე, ორმა მხარემ, დამსაქმებლებმაც და დასაქმებულებმაც უნდა განაგრძონ მოლაპარაკებები, რადგან ესაა ამ შემთხვევაში გამოსავალი. მე მოვედი აქ პირადადაც, რომ გავესაუბრო მათ და ვკითხო, რა მოლოდინები აქვთ და რა თხოვნა შეიძლება ჰქონდეთ სახალხო დამცველთან.

აუცილებლად დავიცავთ თითოეული დასაქმებულის ინტერესებს იმიტომ, რომ მიგვაჩნია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არ მისცა მათ საშუალება,  გაემართათ გაფიცვა, ნამდვილად საეჭვო იყო და მთელ რიგ კითხვებს ბადებს. არ ვიზიარებთ სასამართლოს ამ მსჯელობას და მიგვაჩნია, რომ შრომის კანონმდებლობასთან მოდის წინააღმდეგობაში. ამიტომ ჩვენ დავიცავთ თითოეული მათგანის ინტერესებს, თუკი ვინმე იქნება გათავისუფლებული, ან ვინმეს შრომითი უფლება იქნება დარღვეული”, – აღნიშნა ლომჯარიამ მედიასთან საუბრისას.

გუშინ, 4 ივნისს, მემქანქანეებთან შესახვედრად ომბუდსმენის წარმომადგენელი თათული თოდუაც იმყოფებოდა, რომელმაც გაფიცვა კანონიერად შეაფასა და სასამართლოს გადაყწვეტილება გააკრიტიკა.

მასალების გადაბეჭდვის წესი