ახალი ამბები

გაფიცვამდე ცოტა ხნით ადრე მეტროს მემანქანის პოზიციაზე ვაკანსიები გამოაცხადეს

5 ივნისი, 2018 • 6948
გაფიცვამდე ცოტა ხნით ადრე მეტროს მემანქანის პოზიციაზე ვაკანსიები გამოაცხადეს

მეტროს თანამშრომლების გაფიცვამდე რამდენიმე დღით ადრე თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ელექტრომატარებლის მემანქანის მოსამზადებელ ჯგუფში ჩასარიცხ პირთა შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა.

სატრანსპორტო კომპანია ამ ვაკანსიის გამოცხადებამდეც ამზადებდა ორ 35-35 ადამიანისგან შემდგარ ჯგუფს.

როგორც “ნეტგაზეთს” სატრანსპორტო კომპანიაში უთხრეს, კონკურსის გამოცხადება მეტროს თანამშრომელთა ამჟამინდელ გაფიცვას არ უკავშირდება, თუმცა ამ მიმართულებით კითხვები აქვთ მეტროს მემანქანეთა პროფკავშირის წარმომადგენლებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს.

როგორც ელ.მატარებლების მემანქანეთა დამოუკიდებელი პროფკავშირის, “ერთობა 2013”-ის თავმჯდომარე, რატი კაპანაძე ამბობს, დღესდღეობით სატრანსპორტო კომპანიის ბაზაზე ორი ჯგუფი მზადდება ელექტრომატარებლის მემანქანის პოზიციაზე. კაპანაძის თქმით, ეს იმითაა გამოწვეული, რომ სექტემბრიდან ხაზზე შემადგენლობების დამატება იგეგმება. თუმცა, რაც შეეხება კიდევ ერთი ჯგუფის მიღებაზე 30 მაისს გამოცხადებულ კონკურსს, პროფკავშირებში ვარაუდებენ, რომ ეს მათ გაფიცვასთან პირდაპირ კავშირშია:

“დღესდღეობით მეტროპოლიტენში მზადდება ორი ჯგუფი. ეს გამოიწვია იმან, რომ სექტემბრიდან სატრანსპორტო კომპანია მატარებლების დამატებას აპირებს ხაზზე. ეს გეგმურია, მაგრამ უშუალოდ ამ [საგაფიცვო] პროცესების დაწყების შემდეგ კიდევ გამოცხადდა ახალი ჯგუფების მიღება. ეს რას ემსახურება, ვერაფერს დავუკავშირებ გარდა იმისა, რომ სავარაუდოდ სურთ მსგავსი სიტუაციების დროს რეზერვში კადრები ჰყავდეთ და ჩვენი უფლება გაფიცვაზე ახალი კადრებით ჩაანაცვლონ” – ამბობს კაპანაძე. 

ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში კი მიიჩნევენ, რომ 30 მაისს გამოცხადებული კონკურსი ახლანდელ გაფიცვაზე გავლენას ვერ მოახდენს. თუმცა არ გამორიცხავენ, რომ სატრანსპორტო კომპანია მართლაც გეგმავდეს მემანქანეთა სრული რეზერვის შექმნას, რის მიზნობრიობასაც EMC-ში კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ:

რაც შეეხება ვაკანსიის გამოცხადების საკითხს, მე ნამდვილად არ ვიცი, რა პერიოდულობით ცხადდება ხოლმე ვაკანსიები და შეიძლება პერიოდულობაში თეორიულად ჯდებოდეს, თუმცა, ბუნებრივია, ვაკანსიის გამოცხადება აჩენს კითხვებს: ხომ არ მიემართება ეს გაფიცვის საკითხს. ეს პირდაპირ ვერ დაუკავშირდება ამ მოვლენას და ამ პროცესებზე ვერ მოახდენს გავლენას რამდენიმე გარემოების გამო: პირველი,  ეს კურსები, რომელსაც მეტროს მემანქანეები გადიან, არის ექვსთვიანი. ბუნებრივია, ის ჯგუფი, რომელიც ახლა შედის ან თუნდაც ახლა მზადდება, უბრალოდ ვერ იქნება მზად დროის ფაქტორიდან გამომდინარე, რომ  მეტროს მართვა საკუთრ თავზე აიღოს. კვალიფიციურად გამართული რეზერვი მერიას ამჟამად ნამდვილად არ ჰყავს” – ამბობს EMC-ის სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორი ლინა ღვინიანიძე.

მისი თქმით, გამორიცხულია, რომ ახალი კონკურსის საფუძველზე აყვანილი ადამიანები მეტროს მემანქანეებად გაამწესონ ამჟამინდელი გაფიცვის პერიოდში.  ღვინიანიძის თქმით, ის კურსანტებიც კი, რომლებსაც კომპანია კონკურსის გამოცხადებამდე ამზადებდა, ჯერ არ არიან მზად, რადგან შეიძლება თეორიული სწავლება გავლილი ჰქონდეთ, მაგრამ პრაქტიკული სწავლება – არა. ღვინიანიძის განმარტებით, პრაქტიკულ სწავლებას მეტროს ის მემანქანეები ატარებენ, რომლებიც დღეს გაფიცულები არიან:

“ამდენად, არც რაოდენობრივად, არც უნარებით, მერიას არანაირი ალტერნატივა არ აქვს, რომ მეტროს მემანქანეები ჩაანაცლოს. ეს ამ გაფიცვაზე გავლენას ვერ მოახდენს, თუმცა სატრანსპორტო კომპანია, და ეს ნიშნები უკვე არსებობს, შეეცდება, რომ  მომავალი თვეებისთვის სრული რეზერვი შექმნას, რათა მაქსიმალურად იყოს დაზღვეული და  ალტერნატივა ჰქონდეს” – ამბობს EMC-ის სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორი ლინა ღვინიანიძე.

მისი თქმით, ამ შემთხვევაში კითხვის ნიშნის ქვეშ საკითხის მიზნობრიობა დგება:

“ეს, ბუნებრივია, ვერ იქნება კანონთან წინაღმდეგობაში, თუმცა აქ შეიძლება დადგეს საკითხი იმაზე, რომ ამხელა ჯგუფის გადამზადება და ამ ფინანსური რესურსის ხარჯვა არის თუ არა საჭირო. თუ რეზერვში მყოფი ადამიანები გარკვეულ ფინანსურ ბენეფიტებს მიიღებენ, ჩნდება კითხვა, რამდენად მიზნობრივია ეს?” – ამბობს EMC-ის იურისტი.

როგორც ცნობილია, მემანქანეები ხელფასების მომატების მიზნით შიმშილობენ და იფიციებიან. მერია კი მათ მოთხოვნებს არ აკმაყოიფლებს იმ მოტივით, რომ ბიუჯეტში შესაბამისი თანხები არ მოიძებნება.

[red_box]როგორ უნდა გახდეს ადამიანი მეტროს მემანქანე[/red_box]

როგორც ელ. მატარებლების მემანქანეთა დამოუკიდებელი პროფკავშირის, “ერთობა 2013”-ის თავმჯდომარე, რატი კაპანაძე განმარტავს, კანდიდატმა მეტროს მემანქანედ დასაქმებამდე რამდენიმე საფეხური უნდა გაიაროს.

კაპანაძის თქმით, მემანქანის კურსები ცხადდება მაშინ, როდესაც მემანქანის შტატი იწურება რეზერვში. მისი თქმით, რეზერვში დაახლოებით 5 ადამიანია და სწორედ მათი ამოწურვის შემდეგ ცხადდება კონკურსი.  მისი თქმით, ამის შემდეგ სატრანსპორტო კომპანიის საიტებზე განცხადება იდება და იწყება საბუთების მიღება: 

“პირველ რიგში, მსურველებმა მისაღები გამოცდები უნდა ჩააბარონ (უნარ-ჩვევები და ტექნიკური საგნები), ამის შემდეგ ეს ადამიანები იწყებენ მომზადებას ტექნიკურ სკოლაში, რომელიც სატრანსპორტო კომპანიის ბაზაზეა შექმნილი. ტექნიკურ სკოლაში კურსანტებს  6 თვე ამზადებენ, როგორც თეორიულად, ასევე პრაქტიკულად.

თეორიული სწავლების კურსი 5 თვე გრძელდება, პრაქტიკული სწავლების ხანგრძლივობა კი 1 თვეა. ადამიანი თავიდან ბოლომდე გადის ელექტრომატარებლის შესწავლას. სწავლების პროცესი რთულია.  მაგალითად, 30 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფიდან კურსის დასრულებას 10-12 თუ ახერხებს.  რაც შეეხება პრაქტიკულ სწავლებას, ადამიანების გადამზადება ხდება უშუალოდ მემანქანეების მიერ, რა დროსაც მათ მატარებლის მართვას ასწავლიან პრაქტიკაში” – განმარტავს კაპანაძე.

“ერთობა 2013”-ის თავმჯდომარის თქმით,  ამის შემდეგ კანდიდატებმა კიდევ უნდა ჩააბარონ მთავარი გამოცდები ელექტრომატარებლის მართვის მოწმობის ასაღებად. თუ ამ გამოცდებსაც წარმატებით დაასრულებენ, ამ შემთხვევაში მათ მემანქანის მართვის მოწმობა ეძლევათ. კანდიდატი ითვლება რეზერვის მემანქანედ და მისი პროფესიული განვითრება საფეხურების მიხედვით მიმდინარეობს:

“თავიდან ეს ადამიანები დეპოებში საქმდებიან მანევრის მემანქანის თანაშემწეებად. ეს არის ყველაზე დაბალი საფეხური მემანქანის პოზიციაზე. დეპოებში ხდება მანევრების წარმოება, მატარებლების გადაბმა, გადაყვანა სხვადასხვა ლიანდაგზე. ვადები არ არის დადგენილი, ადგილი უნდა გამოცარიელდეს, რომ სხვა საფეხურზე აიწიოს. 

ამის შემდეგ ეს ადამიანი ხდება ხაზის მემანქანის თანაშემწე. შემდეგ ეს ადამიანი გადადის ხაზის მანევრის მემანქანედ. ეს გულისხმობს, რომ ის უკვე თავად მართავს მატარებელს, მაგრამ მხოლოდ ცარიელი მატარებლების მართვა შეუძლია, ბოლო სადგურებში, სადაც მატარებლებს, რომლებიც მგზავრებისგან იცლებიან,  ჩიხში შეიყვანს და მეორე ხაზს გამოიყვანს. ამ პროცესებს დრო სჭირდება. შეიძლება ამ პოზიციებზე  3 თვით, 6 თვით ან 1 წლით იყოს დასაქმებული. ამის შემდეგ  ეძლევა ამ ადამიანს ერთპიროვნულად ელექტრომატარებლის მართვის უფლება” – ამბობს კაპანაძე. 

მისი თქმით, სწავლის პროცესი საკმაოდ რთულია და, როგორც წესი, კურსის დასრულებას კანდიდატების ნახევარზე მეტი ვერ ახერხებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი