PHR: ქალზე ძალადობაში ბრალდებულს მორალური ზიანის გადახდა დაეკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ქალზე ძალადობაში ბრალდებულს დააკისრა მორალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, 3500 ლარის ოდენობით. ძალადობის მსხვერპლი ქალის ინტერესებს სასამართლოში “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” იცავდა, რომელიც აღნიშნულის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

როგორც ორგანიზაციის განცხადებაში ვკითხულობთ, 2017 წელს PHR-ის მოსარჩელე ქალს მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლემ, რაც გამოიხატა ისეთ ქმედებებში, როგორიცაა ყელში ხელის მოჭერა, სახეში ხელის გარტყმა და ხელის კვრა. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს სსკ 126-ე მუხლის საფუძველზე სასჯელის სახედ და ზომად საზოგადოებსითვის სასარგებლო შრომა 250 საათის ვადით განისაზღვრა.

2017 წლის ნოემბერში PHR-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ“ ევროსაბჭოს კონვენციის 30-ე მუხლისა და „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის საფუძველზე მოძალადე მეუღლისთვის ძალადობაგამოვლილი ქალის სასარგებლოდ ოჯახში ძალადობის შედეგად მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების – 3500 ლარის ოდენობით დაკისრება.

“ძალადობაგამოვლილი ქალი სასამართლოში განმარტავდა, რომ გარდა ძლიერი ფიზიკური ტკივილისა,  განიცადა ძლიერი სულიერი ტანჯვა და ფსიქიკური სტრესი. მან ასევე ისაუბრა ოჯახში ძალადობის ნეგატიურ გავლენაზე მის ყოველდღიურ ცხოვრებასა და ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე,” – ნათქვამია განცხადებაში.

სასამართლომ PHR-ის პოზიცია გაიზიარა და ოჯახის წერის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე 10 მაისის გადაწყვეტილებით ბრალდებულს მორალური ზიანის ანაზღაურება 3500 ლარის ოდენობით დააკისრა. როგორც ორგანიზაცია წერს, აღნიშნული საქართველოში პირველად მოხდა. მისი პრეცედენტულობა კი ხაზს უსვამს, რომ ოჯახში ძალადობა ფიზიკურ ზიანთან ერთად მძიმე ფსიქოლოგიურ ტრავმასაც აყენებს ადრესატს, მით უმეტეს, თუ ასეთი ქმედება  საჯაროდ, მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით ხდება, რომლებიც ასევე მსხვერპლები არიან.

“სასამართლომ განმარტა, რომ მორალური ზიანის ანაზღაურებით დაცული არამატერიალური სიკეთე ადამიანის საყოველთაო უფლებებისა და თავისუფლების ნაწილია. „მორალური ზიანი“ სულიერი გრძნობებისა და ურთიერთობების სფეროში მიყენებულ ზიანს გულისხმობს,” – ნათქვამია განცხადებაში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან