ახალი ამბები

“საპირფარეშოთი ვერ ვსარგებლობდით”, – მემანქანეები გაფიცვისას დეპოში რთულ პირობებზე

5 ივნისი, 2018 • 2535
“საპირფარეშოთი ვერ ვსარგებლობდით”, – მემანქანეები გაფიცვისას დეპოში რთულ პირობებზე

თბილისის მეტროს გაფიცულ თანამშრომელთა განცხადებით, დეპო “გლდანის” შიდა ტერიტორიაზე შესვლის უფლება გასული ორი დღის განმავლობაში არ ჰქონდათ. “ერთობა 2013”-ის თავმჯდომარის მოადგილის, ვასილ ლაბაძის განცხადებით, ამჟამად დეპოს ტერიტორიაზე ინდივიდუალურად უშვებენ.

ლაბაძის თქმით, 5 ივნისის საღამომდე, სანამ მერიის თანამშრომლები ადგილზე ბიოტუალეტებს (დაახლოებით 30 საათი) მიიტანდნენ, გაფიცულებს საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალებაც არ ჰქონდათ. მისი თქმით, პერიმეტრზე არშეშვების მიზეზად კომპანია საწარმოო პროცესში ხელის შეშლის თავიდან აცილებას ასახელებს.

“დეპოს შესასვლელი თანამშრომლებისთვის იყო დაკეტილი. უშვებდნენ მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც არ მონაწილეობდნენ გაფიცვაში და მიდიოდნენ სამსახურში. ჩვენ არ გვიშვებდნენ, არ გვაძლევდნენ იმის საშუალებას, რომ ელემენტარულად საპირფარეშოთი გვესარგებლა და [შენობის] შიგნით შევკრებილიყავით. გვიწევდა შლაგბაუმის გარეთ შეკრება. შემდეგ ბიოტუალეტები მოვთხოვეთ მერიას და მეორე დღეს დაგვაკმაყოფილეს. დღესდღეობით უკეთესი მდგომარეობდა გვაქვს. ელემენტარული პირობები შევიქმენით…”, – განაცხადა ლაბაძემ “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

“ერთობა 2013”-ის თავმჯდომარის მოადგილის თქმით, დეპოს ადმინისტრაცია გაფიცულებს პერიმეტრზე არ უშვებს საწარმოო პროცესში ხელის შეშლის თავიდან ასაცილებლად, რაც გაუგებარია, რადგან საწარმოო პროცესი შიგნით არ მიმდინარეობს გაფიცვის გამო.

“მიზეზად ასახელებენ საწარმოო პროცესის ხელის შეშლას. კითხვაზე, როგორ მიმდინარეობს საწარმოო პროცესი, როცა გაფიცულები ვართ, პასუხია, რომ სხვა თანამშრომლები მუშაობენ, რაც არის ტყუილი. იქ არიან თანამშრომლები, რომლებიც არ არიან გაფიცულები, მაგრამ ეს ადამიანები [ჩვეულებრივ] ემსახურებიან მატარებელს. ჩვენ ვართ გაფიცულები, შესაბამისად, საწარმოო პროცესი ვერ წარიმართება”.

ინფორმაციის გადასამოწმებლად “ნეტგაზეთი” თბილისის სატრანსპორტო კომპანიას დაუკავშირდა. კომპანიის პრესსამსახურში აღნიშნეს, რომ ადგილზე უცხო პირთა სიმრავლის გამო შეკრებილებს დეპოს ტერიტორიაზე უსაფრთხოების მიზნით არ უშვებდნენ. თუმცა ამბობენ, რომ მემანქანეები სველი წერტილებით ინდივიდუალურად სარგებლობდნენ.

“ადგილზე ჩვენი მემანქანეების გარდა იმყოფებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვები. დაცვის წევრებისთვის რთული იყო იმის გარჩევა, ვინ იყო მეტროს თანამშრომელი და ვინ – არა. დეპოში არის მაღალი ძაბვა, ადამიანებს იქ შემოსვლამდე სპეციალური გადამზადება სჭირდებათ. თუმცა, როგორც ვიცით, გუშინ მემანქანეებს სველი წერტილებით სარგებლობა შეზღუდული არ ჰქონდათ, შემდეგ კი ადგილზე ბიოტუალეტებიც მიიტანეს”, – უთხრეს კომპანიაში “ნეტგაზეთს”.

თავდაპირველად მემანქანეების ნაწილი კახა კალაძესთან გუშინ გამართულ შეხვედრაზე სწორედ იმიტომ აცხადებდნენ უარს, რომ  გასული ორი დღის მანძილზე დეპოს ტერიტორიაზე შესვლა მათთვის შეუძლებელი იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი