ახალი ამბები

დადუნაშვილის მამა აქციის მონაწილეებს: ნინო ლომჯარიას ასე არ უნდა მოქცეოდით

4 ივნისი, 2018 • 4831
დადუნაშვილის მამა აქციის მონაწილეებს: ნინო ლომჯარიას ასე არ უნდა მოქცეოდით

დღეს, 4 ივნისს, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, ლევან დადუნაშვილის მამა დავით დადუნაშვილი ვაკის პარკში გამართული აქციაზე მივიდა და მიმართა აქციის მონაწილეებს, რომ სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიასთვის სიტყვიერი შეურაცხოფა არ უნდა მიეყენებინათ.

“ყველას მოგესალმებით, ყველას მადლობას გიხდით. მე პრემიერთან ვიყავი შეხვედრაზე და არ შემეძლო, აქ არ შემომევლო. დიდი თანადგომაა ჩემი შვილისა და დათუჩა სარალიძის მიმართ. მალხაზ მაჩალიკაშვილიც და ზაზა სარალიძეც სიმართლეს ეძებენ და ეს სიმართლე იმათ უნდა იპოვონ. უყურადღებობა რომაა დაშვებული, ამას მთავრობა არ უარყოფს. მე მჯერა, რომ ისინი ამას ყურად იღებენ და გამოასწორებენ. კიდევ ერთი მინდა… ეს მქონდა გულში, რომ მოვდიოდი,. ნინოს მიმართ ასე არ უნდა მოქცეულიყავით. ნინომ ჩემს მიმართაც ბევრი გააკეთა და ამ საქმის ირგვლივაც ბევრი გააკეთა. კაცები და ახალგაზრდები, ქართველი კაცები იმით გამოირჩევიან, რომ ქალების მიმართ ყოველთვის უფრო მიმტევებელი უნდა იყვნენ. ეს ფაქტი უნდა აღმენიშნა”, – განაცხადა დავით დადუნაშვილმა.

დადუნაშვილის განცხადებას დაეთანხმა აქციის ორგანიზატორიც. დადუნაშვილმა სიტყვით გამოსვლის შემდეგ აქციაზე მისულებს მადლობა გადაუხადა და ვაკის პარკი დატოვა.

გუშინ, 3 ივნისს ვაკის პარკში ალტერნატიული აქცია გაიმართა. აქციაზე მივიდა ზაზა სარალიძე. მას აქციის მონაწილეები სთხოვნდნენ, რომ მათთან დარჩენილიყო და პარლამენტთან აქციაზე აღარ მისულიყო, რადგან იქ პოლიტიკურ მანიპულაციას გეგმავდნენ.

ამავე დროს აქციაზე მივიდა ნინო ლომჯარია, ესაუბრა ზაზა სარალძეს და მათ ერთად დატოვეს აქცია. ნინო ლომჯარიას აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ლომჯარიას გამოჩენას განაწყენება მოჰყვა აქციის მონაწილეების მხრიდან, რადგან აღიქვეს, რომ სარალიძე ლომჯარიამ წაიყვანა.

პირი, რომელმაც სახალხო დამცველს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და უკან დაედევნა, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით დააკავა. ამ კანონის დარღვევა ფულად ჯარიმას ან 15-დღიანი ადმინისტრაციულ პატიმრობას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი