GIPA-ს განცხადება მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესზე

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თვრამეტ  საგანამანათლებლო დაწესებულებას მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესში მონაწილეობის მისაღებად წერილობით მიმართა. დაწესებულებებს შორის არ არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA).

GIPA-ში აცხადებენ, რომ ეს ფაქტი ეჭვქვეშ აყენებს მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესის გამჭირვალობასა და მისი ეფექტურად წარმართვის შესაძლებლობას.

“GIPA მუდმივ რეჟიმში თვალს ადევნებს ქვეყანაში ბოლო დროინდელი მოვლენების განვითარებას და ჩართულია მიმდინარე პროცესებსა და სამოქალაქო აქტივობებში სხვა და სხვა ფორმით – სტუდენტების, ლექტორებისა და ადმინისტრაციის თანამონაწილეობის გზით.

როგორც მოგეხნებათ,  იუსტიციის სამინისტრო მთავარი პროკურორის შესარჩევად, საჯარო კონსულტაციებს იწყებს. საქართველოს კანონი პროკურატორის შესახებ (კერძოდ მე-9 მუხლი) განმარტავს, რომ „მთავარი პროკურორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – დაუყოვნებლივ, იუსტიციის მინისტრი მთავარი პროკურორობის კანდიდატების შესარჩევად იწყებს კონსულტაციებს აკადემიურ წრეებთან, სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან და სამართლის დარგის სპეციალისტებთან“.

GIPA – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, დააარსების დღიდან ჩართულია საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან და აქტუალურ მოვლენებში. წლების განმავლობაში GIPA, კლასიკური ლიბერალური იდეალების შესაბამისად, არის სხვადასხვა შეხედულებების, მოსაზრებებისა და იდეების ფორუმი, რომელიც მუდამ ღიაა ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად.

ვფიქრობთ, ის ფაქტი, რომ GIPA არ არის იმ 18 საგანამანათლებლო დაწესებულებას შორის, რომელსაც საქართველოს იუსიტიციის სამინისტრომ კონსულტაციებში ჩართვის შესახებ შეთავაზებით მიმართა – ეჭვქვეშ აყენებს მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესის გამჭირვალობასა და მისი ეფექტურად წარმართვის შესაძლებლობას,” – აღნიშნულია GIPA-ს განცხადებაში.

პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის  თანახმად, დღეს, 4 ივნისს იუსტიციის მინისტრმა მთავარი პროკურორის შესარჩევად საჯარო კონსულტაციები დაიწყო. სამინისტრომ არასამთავრობო ორგანიზაციებს, აკადემიურ წრეებს და სამართლის დარგის სპეციალისტებს მიმართვა დაუგზავნა, რომლის საფუძველზეც შესაძლებელია პროკურორობის კანდიდატების წარდგენა.

მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე 31 მაისს, გადადგა. მის გადადგომას წინ უძღოდა ზაზა სარალიძის ოჯახისა და მისი მხარდამჭერების აქცია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი