ახალი ამბები

“აუდიტორია 115” მეტროს მემანქანეთა სოლიდარობის ნიშნად აქციას მართავს

4 ივნისი, 2018 • 2315
“აუდიტორია 115” მეტროს მემანქანეთა სოლიდარობის ნიშნად აქციას მართავს

სტუდენტური მოძრაობა “აუდიტორია 115” მეტროს მემანქანეთა სოლიდარობის ნიშნად აქციას მართავს. ისინი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეიკრიბნენ.

შეკრებილთა განცხადებით, სურთ, სოლიდარობა გამოუცხადონ მეტროს თანამშრომლებს, რომლებიც საგაფიცვო რეჟიმში იმყოფებიან. მათი განცხადებით, ხელისუფლება პასუხისმგებლობის აღების ნაცვლად მოქალაქეებს უპირისპირდება.

“ჩვენი მიზანია, სოლიდარობა გამოვუცხადოთ მეტროს მემანქანეებს, რომლებიც იბრძვიან ძალიან მარტივი მიზეზის – საკუთარი შრომითი უფლებების გამო. დიდი ხანია, ეს პრობლემა ქვეყანაში გადაუჭრელია. თბილისის მერია და კახა კალაძე სწორედ იმ პოზიციას გამოხატავენ, რომელიც სახელმწიფოს გააჩნია მშრომელთა მიმართ. იმის მაგივრად, რომ საკუთარ თავზე აიღონ პასუხისმგებლობა, ადანაშაულებენ მოქალაქეებს”, – აღნიშნა სტუდენტური მოძრაობის წევრმა, ბექა ბუხნიკაშვილმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

აქციის მონაწილეები თსუ-ის I კორპუსიდან თბილისის მერიამდე მსვლელობის მოწყობას აპირებდნენ, თუმცა უამინდობის გამო აქცია კვლავ უნივერსიტეტთან გაგრძელდა და მერიასთან შეკრება ხვალ, 5 ივნისს, 19:00-ზე ჩაინიშნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი