ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი მალხაზ მაჩალიკაშვილს შეხვდა

4 ივნისი, 2018 • 1597
პრემიერ-მინისტრი მალხაზ მაჩალიკაშვილს შეხვდა

მალხაზ მაჩალიკაშვილის და მისი ადვოკატების შეხვედრა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დასრულდა. მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატის, მარიამ კუბლაშვილის განცხადებით, გიორგი კვირიკაშვილთან დეტალურად განიხილეს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე. ადვოკატის თქმით,  გიორგი კვირიკაშვილი მათ დაჰპირდა, რომ პირად კონტროლზე აიყვანს ამ საქმეს.

“შეხვედრაზე დეტალურად გავიარეთ. მოხდა აქცენტირება იმ პრობლემურ ნაწილზე, რომელიც ეხება თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების ფაქტს და მის უდანაშაულოდ ცნობას. აშკარა იყო, რომ პრემიერმა ამ საქმის გარკვეული დეტალები იცოდა. მან მოგვცა პირობა, რომ პირად კონტროლს გაუწევს ამ საქმეს. კონკრეტული შედეგი, რომ ამ შეხვედრის შემდეგ დაისჯება დამნაშავე, არ გვაქვს, მაგრამ ჩვენ გვაქვს პირობა, რომ ჩვენი ყველა მოთხოვნა დეტალურად იქნება შესწავლილი და მასზე აუცილებლად იქნება რეაგირება, თუკი ამის საფუძველი იქნება,”-აცხადებს მარიამ კუბლაშვილი.

მარიამ კუბლაშვილმა ასევე განაცხადა, რომ შეხვედრას პრემიერის გარდა შინაგან სამქმეთა მინისტრი და EMC-ის იურისტი თამთა მიქელაძე ესწრებოდნენ. ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერთან და შსს მინისტრთან შეხვედრას ზაზა სარალიძე მის იურისტთან ერთად მართავს. მარიამ კუბლაშვილის ინფორმაციით, მხარეების სურვილით ეს ორი შეხვედრა ცალ-ცალკე შედგა.  მაჩალიკაშვილის ადვოკატის თქმით, ამის მიზეზი გახდა ის, რომ  ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა და თემირლამ მაჩალიკაშვილის საქმე სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმე იყო.

თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს საკუთარ სახლში, შუბლის არეში დაჭრეს. ის 2018 წლის 10 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი