დეპუტატი ლევან ჟორჟოლიანი: შეუძლებელია ხელფასების ზრდა, განსაკუთრებით 45%-ით

თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი ამბობს, რომ ამ ეტაპზე მეტროს თანამშრომელთა ხელფასების ზრდა სახსრების არარსებობის გამო შეუძლებელია.

მე მესმის სურვილი, რომ იყოს მეტი ანაზღაურება, ეს მათი უფლებაა. თუმცა არსებობს რეალობა, რომელიც მდგომარეობს შემდეგში: თბილისის სატრანსპორტო კომპანია დოტაციური ორგანიზაციაა, მოგებაზე არ გადის, შესაბამისად, ორიენტირებულია საბიუჯეტო სახსრებზე. აღნიშნული კომპანია დაფინანსებას სახელფასო და ინფრასტრუქტურულ ნაწილში  სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს. საბიუჯეტო სახსრებით კი მათი ხელფასების ზრდა, განსაკუთრებით 45%-ით, შეუძლებელია, რადგან ეს პირდაპირ არის დაკავშირებული გადასახადების გადამხდელებთან და იმ თანხებთან, რომლითაც ივსება ბიუჯეტი,“- განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა. მის კომენტარს საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს. 

ჟორჟოლიანის თქმით, მემანქანეების მოთხოვნები არათანაბარ პირობებში აყენებს მუნიციპალიტეტში დასაქმებულ სხვა სამსახურებს, მათ შორის- ბაღების პედაგოგებს, „თბილსერვისისთანამშრომლებს და სხვა.

ჟორჟოლიანის განმარტებით, მეტროს თანამშრომლების ხელფასების მომატება შესაძლებელია მხოლოდ სხვა მიმართულებებზე თანხის ჩამოკლებით, რაც არალოგიკურია.

“არ არსებობს ამის რესურსი,“- განაცხადა იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ.


თბილისი მერმა კახა კალაძემ დღეს, 4 ივნისს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ მეტროს გაფიცულ მემანქანეებს აქვთ თვეში 1 400–1 800 ლარი ხელფასი და ისინი ამ ხელფასის 45%–ით გაზრდას ითხოვენ. მერის თქმით, მემანქანეთა ხელფასები აღემატება პატრულის სასწრაფოსა და სამაშველო სამსახურის თანამშრომელთა ხელფასებს. როგორც თბილისის მერი ამბობს, მემანქანეებს ხელფასებს ვერ მოუმატებენ, თუ არ გაიზრდება მგზავრობის ტარიფი, არ გაუქმდება სოციალური შეღავათები და არ შეჩერდება ინფრასტრუქტურული პროექტები.

თავის მხრივ, მერს ტყუილში ადანაშაულებენ მეტროს გაფიცული მემანქანეები. მათ ნეტგაზეთს უთხრეს, რომ მათი ხელფასი 1 200 ლარს არ აჭარბებს და თუ მერია 1 500–ლარიან ხელშეკრულებას გაუფორმებს, გაფიცვას შეწყვეტენ. ამის დასადასტურებლად მათ სახელფასო ამონაწერიც წარმოადგინეს.

თბილისის მეტრო 4 ივნისის დილიდან პარალიზებულია. მეტროს მემანქანეები მეტროში დასაქმებული 500–მდე ადამიანისთვის შრომის ანაზღაურების გაზრდას ითხოვენ.

ამავე თემაზე:

1127 ლარი ხელფასი – მეტროს მემანქანის სახელფასო ამონაწერი ბანკიდან

სატრანსპორტო კომპანიის დირექტორმა 40 დღეში 13 ათასი ლარი მიიღო

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.