ახალი ამბები

“აუდიტორია 115” მეტროს მემანქანეებს მხარდაჭერას უცხადებს და მსვლელობას აწყობს

4 ივნისი, 2018 • 2285
“აუდიტორია 115” მეტროს მემანქანეებს მხარდაჭერას უცხადებს და მსვლელობას აწყობს

“აუდიტორია 115” მეტროს მემანქანეების მხარდასაჭერად დღეს, 4 ივნისს, 19:00 საათზე, თსუ-ის პირველი კორპუსიდან თბილისის მერიის მიმართულებით მსვლელობას მოაწყობს. ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ მერია მეტროს მემანქანეების ანაზღაურებასთან დაკავშირებით არასწორ ინფორმაციას ავრცელებს. “აუდიტორია 115”-ის ინფორმაციით, მეტროს მემანქანეები ხელფასის მომატებას მგზავრობის ტარიფის გაზრდის ხარჯზე არ ითხოვენ.

“მემანქანეები ცხოვრების ნახევარზე მეტს მიწისქვეშ ატარებენ, მათ შრომა მომატებული ხმაურის, ვიბრაციის, რადიაციული ფონისა და ჟანგბადის ნაკლებობის პირობებში უწევთ. მემანქანეთა მნიშვნელოვანი ნაწილი მავნე შრომის გამო საპენსიო ასაკამდე მიღწევასაც ვერ ახერხებს. პროფესიონალ მშრომელებს დღეში 300-400 ათასი თანაქალაქელის მშვიდობიანი მგზავრობის უზრუნველყოფა ევალებათ. ისინი ნამდვილად იმსახურებენ თბილისის ვიცემერებზე, დეპარტამენტის უფროსებზე და გამგებლებზე მეტ ხელფასს, თუმცა მათი მოთხოვნა საათობრივი ანაზღაურების მხოლოდ 3-4 ლარით ზრდა გახლავთ,”-წერია განცხადებაში.


თბილისი მერმა კახა კალაძემ დღეს, 4 ივნისს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ მეტროს გაფიცულ მემანქანეებს აქვთ თვეში 1 400–1 800 ლარი ხელფასი და ისინი ამ ხელფასის 45%–ით გაზრდას ითხოვენ. მერის თქმით, მემანქანეთა ხელფასები აღემატება პატრულის სასწრაფოსა და სამაშველო სამსახურის თანამშრომელთა ხელფასებს. როგორც თბილისის მერი ამბობს, მემანქანეებს ხელფასებს ვერ მოუმატებენ, თუ არ გაიზრდება მგზავრობის ტარიფი, არ გაუქმდება სოციალური შეღავათები და არ შეჩერდება ინფრასტრუქტურული პროექტები.

თავის მხრივ, მერს ტყუილში ადანაშაულებენ მეტროს გაფიცული მემანქანეები. მათ ნეტგაზეთს უთხრეს, რომ მათი ხელფასი 1 200 ლარს არ აჭარბებს და თუ მერია 1 500–ლარიან ხელშეკრულებას გაუფორმებს, გაფიცვას შეწყვეტენ.

თბილისის მეტრო 4 ივნისის დილიდან პარალიზებულია. მეტროს მემანქანეები მეტროში დასაქმებული 500–მდე ადამიანისთვის შრომის ანაზღაურების გაზრდას ითხოვენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი