ახალი ამბები

თბილისის მერიამ მეტროს გაფიცვასთან დაკავშირებით ორი დამატებითი მარშრუტი დანიშნა

4 ივნისი, 2018 • 2114
თბილისის მერიამ მეტროს გაფიცვასთან დაკავშირებით ორი დამატებითი მარშრუტი დანიშნა

თბილისის მერიამ მეტროს მემანქანეების გაფიცვის გამო 2 დროებითი მარშრუტი დაამატა. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი,  ერთი მარშრუტი იმოძრავებს მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ მოსკოვისა და ქეთევან დედოფლის გამზირების გავლით ბარათაშვილის ქუჩამდე, ხოლო მეორე – მეტროსადგურ „ახმეტელიდან“ გურამიშვილის გამზირისა და დადიანის ქუჩის გავლით რკინიგზის გადასასვლელ ხიდამდე.

ისინი, სხვა მუნიციპალური ავტობუსების მსგავსად, მგზავრებს უფასოდ მოემსახურებიან.


თბილისის მეტრო 4 ივნისის დილიდან პარალიზებულია. მემანქანეები უკვე რამდენიმე თვეა ხელფასების მომატების მოთხოვნით გაფიცვას აანონსებენ. თბილისის მერია და სატრანსპორტო კომპანია აქამდე აცხადებდნენ, რომ მათი მოთხოვნები უსაფუძვლო იყო და გაფიცვის საქმემ სასამართლოში გადაინაცვლა. 18 მაისს სასაამრთლომ მემანქანეებს სამუშაო საათებში გაფიცვა აუკრძალა.

თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, 4 ივნისს გამართულ ბრიფინგზე მემანქანეები შანტაჟში დაადანაშაულა და მათი ხელფასები შეადარა პოლიციელების, სასწრაფოს ექიმებისა და მეხანძრე–მაშველების ხელფასებს. როგორც თბილისის მერი ამბობს, მემანქანეებს ხელფასებს ვერ მოუმატებენ, თუ არ გაიზრდება მგზავრობის ტარიფი, არ გაუქმდება სოციალური შეღავათები და არ შეჩერდება ინფრასტრუქტურული პროექტები.

მემანქანეები 3 ივნისს, 15 საათზე გაიფიცნენ. პარალელურად დაიწყეს შიმშილობა. რამდენიმე მემანქანეს მალევე დასჭირდა სასწრაფო სამედიცინო დახმარება. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტმა, ლინა ღვინიანიძემ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ დაწყებული შიმშილობის გამო გაუარესდა მემანქანეთა ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათ ვერ გაიარეს სტანდარტული სამედიცინო შემოწმება და, შესაბამისად, მათ მიერ მეტროს მატარებლების მართვა არ იქნებოდა უსაფრთხო. სწორედ ამიტომ არის შეჩერებული მეტროს მუშაობა. იურისტის თქმით, სამართლებრივად, მეტროს მემანქანეებს არ დაურღვევიათ სასამართლოს 18 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც მათ სამუშაო საათებში გაფიცვა აეკრძალათ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი