ახალი ამბები

მემანქანეები: კალაძე იტყუება, ხელფასის ზრდა მგზავრობის გაძვირების ხარჯზე არ მოგვითხოვია

4 ივნისი, 2018 • 6787
მემანქანეები: კალაძე იტყუება, ხელფასის ზრდა მგზავრობის გაძვირების ხარჯზე არ მოგვითხოვია

თბილისის მეტროს გაფიცული მემანქანეები ნეტგაზეთთან ინტერვიუში ამბობენ, რომ კახა კალაძემ რამდენიმე არასწორი ინფორმაცია მიაწოდა საზოგადოებას.

“კალაძე ამბობს, რომ მემანქანეებს 1600 ლარი აქვს ხელფასი. ჩვენ ხელფასის ამდენით გაზრდაც კი არ მოგვითხოვია. ჩვენი ხელფასი ახლა არის 1150 ლარამდე. მოგვიწეროს ხელი 1500–ლარიან ხელფასზე დღესვე და შეწყდება გაფიცვა”, – უთხრა ნეტგაზეთს მემანქანეთა გაერთიანება “ერთობა 2013″–ის თავმჯდომარე რატი კაპანაძემ. მან თავისი სიმართლის დასადასტურებლად ნეტგაზეტს ანახა ბანკში აღებული სახელფასო ამონაწერი, სადაც მისი დარიცხული ხელფასი ნამდვილად არ აჭარბებს 1150 ლარს. ნეტგაზეთს სხვა მემანქანეებმაც ანახეს სახელფასო ამონაწერი TBC ბანკიდან, სადაც დარიცხული ხელფასი ზოგ შემთხვევაში 1120, 1103, ან 1189 ლარია.

კაპანაძის თქმით, კალაძის მეორე ტყუილი შეეხება გაფიცული მემანქანეების მოთხოვნებს. როგორც მემანქანეები ამბობენ, მათ არ მოუთხოვიათ მეტროთი მგზავრობის ტარიფის გაძვირება და ამაზე საუბარი თავად თბილისის მერიამ და სატრანსპორტო კომპანიამ დაიწყეს.

“ამ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ჩვენი ახლობლები, ოჯახის წევრები მგზავრობენ და როგორ მოვითხოვდით მგზავრობის გაძვირებას? ცდილობენ, დაგვიპირისპირონ საზოგადოება, არ ვითხოვთ ჩვენ მგზავრობის გაძვირებას. ქაჯობა და მიწოლა არ გამოუვა. მართლა 1800 ლარი რომ გვქონდეს ხელფასი და 45%–ით გაზრდა მოვითხოვოთ, მართლა გაგიჟდება ხალხი. ჩვენ ვითხოვთ 1500 ლარამდე ხელფასის ზრდას”, – ამბობენ მემანქანეები. როგორც ისინი აცხადებენ, მზად არიან, დათანხმდნენ ანაზღაურების ეტაპობრივად გაზრდას.

გაფიცული მემანქანეების თქმით, მერია მანიპულირებს მემანქანეთა ხელფასებით და ცდილობენ, შუღლი გააღვივონ საზოგადოებაში. სინამდვილეში, ისინი ითხოვენ მეტროში დასაქმებული სხვა ადამიანების ხელფასების ზრდას, მათ შორის, დამლაგებლების, სადგურის მორიგეების და ა.შ. რომელთა ნაწილის ხელფასია 150, 300, ან 400 ლარი.

მემანქანეები ასევე ამბობენ, რომ არასწორია მათი ხელფასის შედარება სხვა საჯარო უწყებებში დასაქმებულთა ხელფასებთან. მემანქანეების თქმით. მნიშვნელოვანია, პატრულის თანამშრომლები, სასწრაფოს ექიმები და მაშველები იღებდნენ ღირსეულ ანაზღაურებას და თუ ისინი დაბალ ხელფასს იღებენ, არის “ტრაგედია”, რომელზეც პასუხისმგებელია ხელისუფლება და ამ პასუხისმგებლობის მეტროს მემანქანეებზე გადაბრალება არ შეიძლება.


თბილისის მეტრო 4 ივნისის დილიდან პარალიზებულია. მემანქანეები უკვე რამდენიმე თვეა ხელფასების მომატების მოთხოვნით გაფიცვას აანონსებენ. თბილისის მერია და სატრანსპორტო კომპანია აქამდე აცხადებდნენ, რომ მათი მოთხოვნები უსაფუძვლო იყო და გაფიცვის საქმემ სასამართლოში გადაინაცვლა. 18 მაისს სასაამრთლომ მემანქანეებს აუკრძალა სამუშაო საათებში გაფიცვა.

თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, 4 ივნისს გამართულ ბრიფინგზე მემანქანეები შანტაჟში დაადანაშაულა და მათი ხელფასები შეადარა პოლიციელების, სასწრაფოს ექიმებისა და მეხანძრე–მაშველების ხელფასებს. როგორც თბილისის მერი ამბობს, მემანქანეებს ხელფასებს ვერ მოუმატებენ, თუ არ გაიზრდება მგზავრობის ტარიფი, არ გაუქმდება სოციალური შეღავათები და არ შეჩერდება ინფრასტრუქტურული პროექტები.

მემანქანეები 3 ივნისს, 15 საათზე გაიფიცნენ, პარალელურად, მათ დაიწყეს შიმშილობა. რამდენიმე მემანქანეს მალევე დასჭირდა სასწრაფო სამედიცინო დახმარება. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტმა ლინა ღვინიანიძემ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ დაწყებული შიმშილობის გამო გაუარესდა მემანქანეთა ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათ ვერ გაიარეს სტანდარტული სამედიცინო შემოწმება და, შესაბამისად, მათ მიერ მეტროს მატარებლების მართვა არ იქნებოდა უსაფრთხო. სწორედ ამიტომ არის შეჩერებული მეტროს მუშაობა. იურისტის თქმით, სამართლებრივად, მეტროს მემანქანეებს არ დაურღვევიათ სასამართლოს გადაწყვეტილება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი