ლინა ღვინიანიძე: მეტროს გაჩერება მემანქანეთა ჯანმრთელობის გაურესებით არის გამოწვეული

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი ლინა ღვინიანიძე ნეტგაზეთთან ინტერვიუში ამბობს, რომ მეტროს პარალიზება გამოწვეულია მემანქანეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მეტროს მემანქანეებს სამუშაო საათებში გაფიცვა აუკრძალა, რის გამოც მემანქანეებმა გაფიცვა არასამუშაო საათში გადაწყვიტეს. ისინი 3 ივნისს, 15 საათზე გაიფიცნენ, პარლალეურად, მათ დაიწყეს შიმშილობა. რამდენიმე მემანქანეს მალევე დასჭირდა სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

როგორც ლინა ღვინიანიძემ ნეტგაზეთს განუცხადა, დაწყებული შიმშილობის გამო,გაუარესდა მემანქანეთა ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათ ვერ გაიარეს სტანდარტული სამედიცინო შემოწმება და, შესაბამისად, მათ მიერ მეტროს მატარებლების მართვა არ იქნებოდა უსაფრთხო. სწორედ ამიტომ არის შეჩერებული მეტროს მუშაობა. იურისტის თქმით, სამართლებრივად, მეტროს მემანქანეებს არ დაურღვევიათ სასამართლოს გადაწყვეტილება.

მემანქანეები უკვე რამდენიმე თვეა ხელფასების მომატების მოთხოვნით გაფიცვას აანონსებენ. თბილისის მერია და სატრანსპორტო კომპანია აქამდე აცხადებდნენ, რომ მათი მოთხოვნები უსაფუძვლო იყო და გაფიცვის საქმემ სასამართლოში გადაინაცვლა. 18 მაისს სასაამრთლომ მემანქანეებს სამუშაო საათებში გაფიცვა აუკრძალა.

თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, 4 ივნისს გამართულ ბრიფინგზე მემანქანეები შანტაჟში დაადანაშაულა და მათი ხელფასები შეადარა პოლიციელების, სასწრაფოს ექიმებისა და მეხანძრე–მაშველების ხელფასებს. როგორც თბილისის მერი ამბობს, მემანქანეებს ხელფასებს ვერ მოუმატებენ, თუ არ გაიზრდება მგზავრობის ტარიფი, არ გაუქმდება სოციალური შეღავათები და არ შეჩერდება ინფრასტრუქტურული პროექტები.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია მოსახლეობას ავტობუსებით გადაადგილებისკენ მოუწოდებს. მეტროს გაფიცვის პერიოდში ავტობუსით მგზავრობა იქნება უფასო, თუმცა უცნობია, რამდენ ხანს გაგრძელდება გაფიცვა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.