კალაძე: მეტროს მემანქანეთა გაფიცვა მიმართულია მოსახლეობის კეთილდღეობის წინააღმდეგ

თბილისის მერი კახა კალაძე მეტროს მემანქანეთა გაფიცვას “შანტაჟს” უწოდებს და ამბობს, რომ მემანქანეთა გაფიცვა არის უკანონო, რადგან მათ სასამართლოს მხრიდან შეზღუდული აქვთ გაფიცვა.

თბილისის მერმა აქცენტი გააკეთა მეტროს მემანქანეების ხელფასებზე და თქვა, რომ მათ აქვთ პატრულის თანამშრომლებზე, სასწრაფოს ექიმებსა და მეხანძრე–მაშველებზე მაღალი ანაზღაურება. მერის თქმით, მათი ხელფასი 1400–დან 1800 ლარამდეა.

“საკუთარი შრომითი უფლებების ე.წ. დამცველები გვიყენებენ პირობას, რომ მათი ხელფასების 45%–იანი ზრდა მომხდარიყო მგზავრობის ტარიფის ხარჯზე”, – თქვა კახა კალაძემ. მისივე განცხადებით, მეტროს მემანქანეების ხელფასების ზრდა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაიზრდება მგზავრობის ტარიფი, ასევე სოციალური შეღავათების გაუქმება და ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერება. თბილისის მერის თქმით, ის ამას არ დაუშვებს.

თბილისის მეტროს პარლიზება გამოიწვია მემანქანეთა გაფიცვამ, რომლებიც უკვე რამდენიმე თვეა ხელფასების მომატების მოთხოვნით აქციას აანონსებენ. თბილისის მერია და სატრანსპორტო კომპანია აქამდე აცხადებდნენ, რომ მათი მოთხოვნები უსაფუძვლო იყო და გაფიცვის საქმემ სასამართლოში გადაინაცვლა. 18 მაისს სასამართლომ მემანქანეებს აუკრძალა სამუშაო საათებში გაფიცვა.

სწორედ ამის გამო მემანქანეები 3 ივნისს, 15 საათზე გაიფიცნენ, პარალელურად, მათ დაიწყეს შიმშილობა. რამდენიმე მემანქანეს მალევე დასჭირდა სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

როგორც ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტმა ლინა ღვინიანიძემ ნეტგაზეთს განუცხადა, დაწყებული შიმშილობის გამო გაუარესდა მემანქანეთა ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათ ვერ გაიარეს სტანდარტული სამედიცინო შემოწმება და, შესაბამისად, მათ მიერ მეტროს მატარებლების მართვა არ იქნებოდა უსაფრთხო. სწორედ ამიტომ არის შეჩერებული მეტროს მუშაობა. იურისტის თქმით, სამართლებრივად, მეტროს მემანქანეებს არ დაურღვევიათ სასამართლოს გადაწყვეტილება.

1127 ლარი ხელფასი – მეტროს მემანქანის სახელფასო ამონაწერი ბანკიდან

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.