ახალი ამბები

“ჩემს შვილს დანა არ ჰქონია” – დეკანოზი რ2-ით გავრცელებულ ინფორმაციაზე

3 ივნისი, 2018 • 8508
“ჩემს შვილს დანა არ ჰქონია” – დეკანოზი რ2-ით გავრცელებულ ინფორმაციაზე

სასულიერო პირი, რომლის შვილზეც, რ2-ის ინფორმაციით, ერთ-ერთი ბრალდებული ამბობს, რომ ხორავას ქუჩაზე დათო სარალიძეს გაურკვეველ საგანს ურტყამდა, განმარტებას აკეთებს. იმედის ინფორმაციით, დეკანოზმა ამის შესახებ ქადაგებისას ისაუბრა.

“ჩემმა შვილმა პირველმა მისცა ჩვენება, ამისთვის შეიძლება, აი, ამ ასი კაცის წინაშე ის ცუდი კაცი გამოვა, მაგრამ მან სიმართლე თქვა.

მეგობრისგან დარეკილზე წავიდა დასახმარებლად, როცა ჩაგრავდნენ პატარა ბავშვს უფროსკლასელები. დაურეკა დეიდაშვილს, რომ მე სკოლაში პნევამტური იარაღი მესროლეს სკოლაში და ტუალეტში, უნიტაზში თავი ჩამაყოფინესო. როგორ მოიმოქმედებდა თითოეული მათგანი?! ვინც იქ გამოსულია და ყვირის, არც იცის რას. პატრულს დაურეკავდა? რომელიმე პატრულს დაურეკავდა? არ აძლევენ ჩვენებას, რადგან ქურდული აზროვნებით აზროვნებენ ისინი, მაგრამ მე ისეთ შვილს ვერ ავიტან, ლაჩარს, რომელიც მეგობრის დახმარებაზე უარს იტყვის.

საცოდავია ის ადამიანი, ვინც დამნაშავეა და არ აღიარებს. უბედურზე უბედურია. თუ მე სიმართლეს ვამბობ და გასწავლით, შეიძლება მე დავმალო ჩემი შვილის დანაშაული. მე ვიცი და ვმალავ? არ შეიძლებოდა, რომ გამეპარებინა ჩემი შვილი? თქვენ იცით, რომ მე ევროპაში ვმსახურობდი და ბევრი მეგობარი და მრევლი მყავს. არავითარ შემთხვევაში. მისგანაც ვიცი და იქ ვინც მის გვერდით იყო, იმითგინაც, რომ მას დანა არ ჰქონია”, – იმედის ცნობით განაცხადა ზემოხსენებულმა სასულიერო პირმა ქადაგებისას.

მან ასევე თავის მრევლს კურთხევა მისცა, რომ საპატრიარქოს ტელევიზიის გარდა, არცერთ სატელევიზიო არხს არ უყურონ.

“მე კურთხევას გაძლევთ: არცერთ ტელევიზიას არ უყუროთ, გარდა საპატრიარქოსი, სადაც იქადაგება ღვთის და მოყვასის სიყვარული. არც მოუსმინოთ, არც უყუროთ, არც ინტერვიუ არასდროს მისცეთ, რადგან ესენი პანდორას ყუთები არიან ყველანი”.


„რუსთავი 2“ აქვეყნებს ერთ-ერთი ბრალდებულის მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ზაზა სარალიძის მოკლულ შვილს პირველ დეკემბერს ფარდულში გაურკვეველ საგანს ურტყამდა ერთ-ერთი დეკანოზის შვილი. ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში ამ პირის მონაწილეობის შესახებ საჯაროდ დღეს პირველად ითქვა.

ჩანაწერი სასამართლო დარბაზიდან. ბრალდებული მხარეების კითხვებს პასუხობს [ჩანაწერში საუბარია ინციდენტში მონაწილე ორი არასრულწლოვნის შესახებ, რომელთა ვინაობასაც მხოლოდ ინიციალებით გთავაზობთ]:

ბრალდებული: არ დამინახავს კ.ა-ს დროს ნივთის ფერი, უბრალოდ ხელში რაღაც ეჭირა.

-და მ.ე-ს დროს ფერი გაარჩიე?

– კი, იმიტომ, რომ შედარებით ახლოს მედგა.

– ის ვერცხლისფერი ნივით, რომელსაც მ.ე. ურტყამდა სარალიძეს, როგორც თქვენ ბრძანეთ, ამ ნივთის მეორე მხარე თუ ჩანდა?

– ანუ ტარი დავინახე, მეორე მხარე არ დამინახავს.

– ესენი როდესაც ერთდროულად ურტყამენ სარალიძეს ამ ნივთებს ფარდულში, ამ დროს ერთმანეთთან კომუნიკაცია თუ აქვთ, თუ საუბრობენ?

– არ ვიცი.

– კ.ა. ფარდულში, როგორ ხედავ, რას აკეთებს?

– ურტყამს ხელს სარალიძეს.

– რომელ მხარეს იდგა?

– მარცხენა მხარეს.

– რა იცი, რომ ხელი იყო, ხედავდი კარგად?

– არ დამინახავს, ზუსტად რა იყო.

– მაგრამ მოძრაობას ხედავდი, თუ საიდან იცი რას აკეთებდა?

– მოძრაობას ვხედავდი.

– შიგნით ფარდულში არის შესული კ.ა.

– კი

– მ.ე. სად არის?

– კ.ს. მერე მ.ე. შევიდა ფარდულში.

– მ.ე. რას აკეთებს?

– მ.ე-ც ურტყამდა სარალიძეს.

– რომელ მხარეს იდგა?

– უკან და ოდნავ მარჯვნივ.

– ხედავდი, ხელში რა ეჭირა?

– ვერა.

– ანუ შიგნით იყო ხომ, ფარდულში?

– კი.

– ანუ შენ ამბობ, რომ ურტყამდა კ.ა. და ურტყამდა მ.ე. სარალიძეს?

– კი.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე კონფლიქტის დროს დაიჭრა სასულიერო პირის შვილი მ.ე-ც, თუმცა არ არის ცნობილი, ვინ დაჭრა ეს არასრულწლოვანი.

დღეს „რუსთავი 2“-ს ზაზა სარალიძემაც დაუდასტურა დავით სარალიძის მკვლელობაში იმ პირის მონაწილეობა, რომელიც რუსთავი 2-ის ინფორმაციით დეკანოზის შვილია. თუმცა თავად ზაზა სარალიძემ ამ კონკრეტული ინფორმაციის დადასტურებისგან თავი შეიკავა.

ზაზა სარალიძემ ასევე განაცხადა, რომ ამ ფაქტობრივი გარემოების შესახებ პროკურატურას ინფორმაცია სამი თვის წინ თავად მიაწოდა, თუმცა პროკურორმა უთხრა, რომ ვერ დააკავებდა ამ პირს, რადგან შესაბამისი მტკიცებულებები არ ჰქონდათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი