ახალი ამბები

ომბუდსმენი: ზაზა სარალიძე თავისი ნებით წავიდა ვაკის პარკის აქციიდან

3 ივნისი, 2018 • 1702
ომბუდსმენი: ზაზა სარალიძე თავისი ნებით წავიდა ვაკის პარკის აქციიდან

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ ზაზა სარალიძე თავისი ნებით წავიდა ვაკის პარკის აქციიდან. ომბუდსმენის თქმით, სარალიძე უსაფრთხოდ იმყოფება.

სახალხო დამცველმა დღეს, 21:00 საათზე გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, რომ იგი ვაკის პარკში ზაზა სარალიძესთან სასაუბროდ მივიდა, ნახა რომ აღელვებული იყო და იქიდან გამომდინარე, რომ ამ აქციის დატოვებას აპირებდა, შესთავაზა თავისი მანქანით წასულიყო.

“ზაზა სარალიძე იყო მძიმე, რთულ ემოციური მდგომარეობაში, როდესაც იქ [ვაკის პარკში] მივედი. როცა იქ მივედი, იყო განერვიულებული, არ ვიცი, რა რეპლიკებს მოჰყვა. ჩვენ ვისაუბრეთ მიმდინარე გამოძიების მასალების შესახებ, რას ვაკეთებ მე, რა სიახლეებია. შემდეგ მან თავად მიიღო გადაწყვეტილება წასულიყო აქციიდან. რას იზამს მომავალში, არის აბსოლუტურად მისი გადასაწყვეტი”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მთელი დღის განმავლობაში ზაზა სარალიძესთან  არა მხოლოდ კონტაქტზეა, არამედ რამდენჯერმე ინახულა ის.

“მისული ვიყავი პარლამენტის წინ მიმდებარე აქციაზე, მსურდა ბატონი ზაზას ნახვა და ადგილზე გასაუბრება, თუმცა ის არ იყო ადგილზე. ადგილზე იმყოფებოდა ზვიად კუპრავა და მასთანაც გამოვხატე საუბრის სურვილი, თუმცა მან აქციის დასრულებამდე ჩემთან შეხვედრის სურვილი არ გამოთქვა. ამის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზაზა სარალიძე იმყოფებოდა ვაკის პარკში მიმდინარე აქციაზე, სადაც შევხვდი ბატონ ზაზას და გავესაუბრე. მიმდინარე აქციების შემდეგ ბატონი ზაზა იყო გადაღლილი და მძიმე ემოციურ მდგომარეობაში. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთელობა და პირველ რიგში ის, რომ ნახოს მისი გარდაცვლილი შვილის საქმეზე განხორციელებული მართლმსაჯულება. ჩვენი შეხვედრის დროს ბატონ ზაზას გავაცანი ინფორმაცია, თუ რა საკითხების გარშემო ვმუშაობთ, გამომდინარე იქიდან, რომ აპირებდა აქციის დატოვებას. მე, როგორც სახალხო დამცველმა, შევთავაზე მას გადაადგილება ჩემი სამსახურეობრივი მანქანით, ამ პრესკონფერენციამდე რამდენიმე საათით ადრე შევხვდი და ვესაუბრე. მთელი ამ დღეების განმავლობაში მასთან მქონდა პირადი ხშირი კონტაქტი”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველის თქმით, ხორავას ქუჩაზე მიმდინარე საქმეზე არსებობს კითხვის ნიშნები და მათზე პასუხის გასაცემად სახალხო დამცველის ოფისი აგრძელებს საქმის მონიტორინგს.

“აუცილებელია, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობების საქმეზე გარდაცვლილების მიმართ მართლმსაჯულება ეფექტურად აღსრულდეს. ამ ფაქტის გარშემო ვართ ჩვენ ჩართულები. ხვალ დილიდან ჩვენი თანამშრომლები დაიწყებენ აღნიშნული საქმის საგამოძიებო მასალების შესწავლას. მინდა მოვუწოდო საზოგადეობას სიმშვიდისკენ. გთხოვთ, მაქსიმალურად დიალოგის და სამუშაო რეჟიმში დავაკვირდეთ მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებებს და ჩვენ ვეცდებით ყოველდღიურ რეჟიმში მოგაწოდოთ ინფორმაცია ჩვენი მონიტორინგის შედეგების შესახებ. სახალხო დამცველმა პარალელურად გამოითხოვა სისხლის სამართლის საქმის მასალები შესაფასებლად და აღნიშნული საქმის მასალების შესწვლას უახლოეს პერიოდში დავიწყებთ, როგორც კი მოგვეწოდება აღნიშნული საქმის მასალები”, – თქვა ნინო ლომჯარიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი