ახალი ამბები

ვაკის პარკის აქციაზე სარალიძე–დადუნაშვილის საქმეზე მთავრობას კომისიის შექმნას სთხოვენ

3 ივნისი, 2018 • 2953
ვაკის პარკის აქციაზე სარალიძე–დადუნაშვილის საქმეზე მთავრობას კომისიის შექმნას სთხოვენ

ვაკის პარკში გამართული აქციის მონაწილეები სთხოვენ პრემიერ-მინისტრს, რომ მაქსიმუმ ხვალ შექმნას კომისია ხორავას ქუჩაზე ახალგაზრდებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას ორი ახალგაზრდის დაღუპვის თაობაზე.

“ჩვენ დღეს შევიკრიბეთ საზოგადოების წევრები, რომლებიც ვაცნობიერებთ საქართველოში შექნილ მძიმე ვითარებას. ერთი მხრივ, გვაქვს უსამართლობის განცდა, რადგან დავინახეთ, რომ პროკურატურამ ვერ შეძლო გამოეძიებინა საზოგადოებისთვის ძალიან მძიმე და ტკივილის მომტანი საქმე, ამავდროულად, ბოლო დღეებში პოლიტიკურმა პარტიებმა შექმნილი სიტუაცია გამოიყენა პოლიტიკური დივიდენდების მოსაპოვებლად.

გაიჟღერა მოწოდებებმა მთავრობის გადადგომის, გაისმა წინადადები, რომ მთავრობა ჩამოიშალა და ისეთი შინაარსის სიტყვები, რომლებიც მიგვიყვანს პოლიტიკურ დესტაბილიზაციამდე და დაპირისპირებამდე. ჩვენ არ გვინდა ეს. შექმნილ სიტუაციაში მოვუწოდებთ მთავრობას, პარლამენტს, შეიქმნას კომისია, რომელიც დაკომპლექტდება საზოგადოების და დაზარალებული ოჯახების მიერ ნდობით აღჭურვილი პირებისგან.

დაკარგული გვაქვს ნდობა გამოძიების მიმართ, ასევე იმ ოპოზიციური პარტიების მიმართ, რომლებიც დღეს თითქოს ითხოვენ სამართლიანობის აღდგენას. დროულად მთავრობამ, პარლამენტმა უზრუნველყოს კომისიის შექმნა, რომელიც დაკომპლექტდება, როგორც ზევით ვთქვით, საზოგადეობისთვის და, რაც ყველაზე მთავარია, ოჯაებისთვის, რომლებიც დაზარალდნენ, რომლებსაც მიადგათ ტკივილი, მათი ნდობით აღჭურვილი პირებით, რომლებიც ჩვენს დაცემულ ნდობაზე დაგვიბრუნებენ პასუხს თავიანთი კომპეტენტურობით და თავიანთი აზრით გამოძიების შესახებ.

ეს არ არის ზოგადი მოთხოვნა, ეს არის მოთხოვნა, რომლისთვისაც ვიბრძოლებთ ბოლომდე. ჩვენთვის დღეს პრემიერ-მინისტრი ინარჩუნებს ნდობას, თუ მას სურს, რომ ეს ნდობა დარჩეს, ჩაერთოს ის პირადად, შეიქმნას ასეთი კომისია და გაეცეს პასუხები კითხვებს: ვინ მოკლა ჩვენი ახალგაზრდები და, რაც ყველაზე მთავარია, ვინ დააფარა ხელი გამოძიებას, დამნაშავეებს.

ასევე მოვუწოდებთ მთავრობას, არანაკლები მოთხოვნით, გამოიძიოს ძალიან სწრაფად, ვინ გეგმავდა ამ დღეებში ქვეყანაში დესტაბილიზაციას, რომელი პოლიტიკური პარტიები. აიღონ ამ პარტიებმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა თავიანთი ამომრჩევლების, ქვეყნის წინაშე და ჩამოიშორონ ნიღაბი სამართლიანობის ბრძოლის და გამოაჩინონ ის კბილები, რომლითაც აპირებდნენ ქვეყნის დესტაბილიზაციაში შეყვანას.

მოვუწოდებ მთავრობას, მოვუწოდებ პარლამენტს, მოვუწოდებ პრემიერს, ძალიან სწრაფად, უახლოეს საათებში, მაქსიმუმ ხვალ შეიქმნას კომისია, რომელიც გაგვაცნობს და გვეტყვის, რა მოხდა”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა რევაზ ქარჩხაძემ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი