ახალი ამბები

აღარ მჭირდება აღარანაირი ხალხი, მარტო ვრჩები ამ ბრძოლის ველზე – სარალიძე

3 ივნისი, 2018 • 13182
აღარ მჭირდება აღარანაირი ხალხი, მარტო ვრჩები ამ ბრძოლის ველზე – სარალიძე

“ჩემი გადაწყვეტილება მე ვიცი: აღარ მჭირდება აღარანაირი ხალხი, მარტო ვრჩები ამ ბრძოლის ველზე”, – ეს განცხადება ზაზა სარალიძემ ვაკის პარკში მიმდინარე ალტერნატიული აქციის დატოვების შემდეგ გააკეთა.

“ვერც აქ და ვეღარც იქ ვეღარ დავინახე ხალხის ერთობა”, – თქვა ზაზა სარალიძემ.

მას აღარ დაუკონკრეტებია თავისი გეგმების შესახებ.

დღეს, 18:00 საათზე, რუსთაველზე დაანონსებულია პოლიტიკური პარტიებისა და ზაზა სარალიძე/მალხაზ მაჩალიკაშვილის აქცია, ხოლო ვაკის პარკში ასევე მიმდინარეობს დემონსტრაცია “პოლიტიკოსების გარეშე”.

ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ ის სახლში მიდის. ვაკის პარკში მასთან ერთად სახალხო დამცველი იმყოფებოდა, რომელმაც თქვა, რომ სარალიძეს იმის შესახებ ესაუბრა თუ როგორ შეუძლია დახმარება მისი კომპეტენციის ფარგლებში. ნინო ლომჯარიას თქმით, აქციებზე მას სარალიძესთან საერთოდ არ უსაუბრია.

“ამ ადამიანს იყენებს ყველა, მას სჭირდება დახმარება”, – თქვა ნინო ლომჯარიამ.

ვაკის პარკში ნინო ლომჯარიას გამოჩენას იქ მყოფი ადამიანების ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა. მათი თქმით, სარალიძე “ნინო ლომჯარიამ წაიყვანა”. “აპოლიტიკური აქციის” მონაწილეების ნაწილი ნინო ლომჯარიას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და აგინებდნენ.

ვაკის პარკში “პოლიტიკოსების გარეშე” აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ცნობილი გახდა, რომ რუსთაველზე მიმდინარე დემონსტრაციების ორგანიზებაში პარტიებიც ერთვებოდნენ. ვაკის პარკში მიმდინარე აქციაზე ზაზა სარალიძე მივიდა და განცხადებაც გააკეთა.

“აქ ვისმენ, თითქოს “ნაციონალური მოძრაობა”… მოვიდეს “ქართული ოცნების” წარმომადგენელი, ვისაც მკვლელობაზე გული შესტკივა. ჩემთვის პოლიტიკას მნიშვნელობა არ აქვს. პოლიტიკა ჩემი ინტერესის სფერო არ არის. ჩემი ადგილი მხოლოდ ჩემი შვილის გვერდითაა. მე სამართლიანობის აღსადგენად ვიბრძვი,”-განაცხადა აქციაზე ზაზა სარალიძემ.

ვაკის პარკში მიმდინარე აქციას ბუტა რობაქიძის მშობლები – სოსო რობაქიძე და ია მეტრეველიც ესწრებიან. სოსო რობაქიძის თქმით, პირობას დებს, რომ ზაზა სარალიძის შემთხვევაში სამართლიანობა აღდგება.

“აქ არის ბუტას [ბუტა რობაქიძე] დედა ია მეტრეველი. ვფიცავ თქვენს წინაშე, რომ  ზაზა სარალიძე სამართლიანობას მიაღწევს,” – განაცხადა სოსო რობაქიძემ.

ზაზა სარალაძეს ჟურნალისტების თანდასწრებით ია მეტრეველიც ესაუბრა.

ია მეტრეველი: “თქვენ იმათთან ბრუნდებით? მთელი საქართველო თქვენს გვერდზე დგას. იმათთან დადგებით თუ ჩვენთან”.

ზაზა სარალიძე: “შეცდომაში ვერავინ ვერ შემიყვანს. ნებისმიერ ბერკეტს გამოვიყენებ იმისთვის, რომ ეს სისტემა დაინგრეს და სამართლიანობა აღდგეს”.

ვაკის პარკის გარდა აქცია 18:00 საათზე პარლამენტის შენობის წინაც იგეგმება. როგორც “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია ამბობს, ოპოზიციური პარტიები სამოქმედო გეგმას ამ აქციაზე წარადგენენ. მანამდე ზაზა სარალიძემ პარტიებს მოუწოდა, რომ სისტემის ჩამოსანგრევად გაერთიანდნენ.

“მოუვუხმობ მთელი საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს, გააერთიანონ ძალები, რათა ეს სისტემა ჩამოიშალოს”, -განაცხადა ზაზა სარალიძემ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი