“მეტრო ხვალიდან პარალიზებული იქნება” – მემანქანეებისა და სხვების გაფიცვა დაიწყო

თბილისის მეტროში მოქმედი ალტერნატიული პროფკავშირის “ერთობა 2013″-ის წევრი თანამშრომლები დღეიდან, 3 ივნისიდან, გაფიცვასა და შიმშილობას იწყებენ.

პროფკავშირის წევრები, რომელთა შორის მემანქანეთა სრული შემადგენლობაა, ტექნიკურად დაემორჩილნენ სასამართლოს განჩინებას და გაფიცვა არასამუშაო საათებში დაიწყეს. დღის ბოლომდე მათ ის თანამშრომლებიც შეუერთდებიან, რომლებიც სამუშაოს შესრულებას ამ დრომდე განაგრძობენ. გაფიცულთა თქმით, უკვე ხვალიდან, შიმშილობისა და გადაღლის ფონზე, მათთვის მუშაობის გაგრძელება შეუძლებელი იქნება.

” “ერთობა 2013”-ის ყველა წევრი ვიკრიბებით დეპო “გლდანის” ტერიტორიაზე. მალე შემოგვიერთდებიან ცვლაში მომუშავე მემანქანეები, რომლებიც მორჩებიან მუშაობას რამდენიმე საათში. ამასთან, რამდენიმე ადამიანი, მათ შორის მეც, გამოვცხადდები ღამის ცვლაში და ვიმუშავებ ღამის პირველ საათამდე და როცა დამთავრდება ჩემი ცვლა, შემოვუერთდები აქციას.

ხვალიდან მოხდება შემდეგი: იქიდან გამომდინარე, რომ მე და სხვა წევრებს 15:00-დან გამოცხადებული გვაქვს შიმშილობა და დასვენების დღეებსაც გამოვიყენებთ გაფიცვისთვის, უკვე ხვალ დილიდან, მატარებლების გამზადების დროიდან, ვიქნებით შრომისუუნაროები. შესაბამისად, თუ დღეს შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, 4 ივნისიდან მეტრო იქნება პარალიზებული”, – განმარტა “ნეტგაზეთთან” საუბრისას მემანქანე მალხაზ ლაბაძემ.

მისი თქმით, მათი მთავარი მოთხოვნა ხელფასების გადახედვის შესახებ უცვლელი რჩება. მალხაზ ლაბაძის თქმით, სახელფასო ანაღაურება 2013 წლის შემდეგ არ შეცვლილა, მაშინ, როცა ლარის გაუფასურების გამო მისი მსყიდველობითუნარიანობა მკვეთრად შემცირდა.

“ხშირად მოგისმენით, ალბათ, რომ მეტროს თანამშრომლები ითხვენ ხელფასების მატებას, მაგრამ ეს ასე არ არის. ჩვენ ვითხოვთ ჩვენს ხელფასზე იმ მსყიდველობითუნარიანობის დაბრუნებას, როგორიც მას ჰქონდა 2013 წელს. იქიდან გამომდინარე, რომ გაიზარდა კომუნალური გადასახადები, პირველადი მოხმარების საგნების ფასები, მოხდა ლარის კურსის ვარდნას, გვინდა, ეს დანაკლისი აღმოიფხვრას. გვინდა, ჩვენს ხელფასს დაუბრუნდეს ეს მსყიდველობითუნარიანობა, რადგან 2013 წლის შემდეგ ხელფასები არ გაგვზრდია.

“ერთობა 2013” თბლისის მეტროში მოქმედ ალტერნატიული პროფკავშირია, რომელიც 400-მდე თანამშრომელს აერთიანებს. გაერთიანების წევრთა ინფორმაციით, პროფკავშირში მეტროს მემანქანეთა სრული შემადგენლობა – 240 მემანქანე შედის, რომელთაგან 239 დღეიდან საგაფიცვო რეჟიმზე გადადის.


თბილისის საქალაქო სასამართლომ 21 მაისს მეტროს თანამშრომელთა პროფესიულ გაერთიანება “ერთობა-2013“-ს, განუსაზღვრელი ვადით შეუზღუდა გაფიცვაში მონაწილეობის მიღების უფლება. გდაწყვეტილების მიხედვით, მათ გაფიცვის უფლება მხოლოდ არასამუშაო საათებში ჰქონდათ, რაც მემანქანეებმა აბსურდულად მიიჩნიეს.

თბილისის მეტროს მემანქანეებს და შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ შორის კოლექტიური შრომითი დავა რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. დავის ფარგლებში მიმდინარე მოლაპარაკებების წარუმატებლობის გამო, მეტროს თანამშრომლებმა, კანონმდებლობით დადგენილი წესით, 2018 წლის 3 მაისს გაფიცვა დააანონსეს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 30 დღის ვადით 2018 წლის 3 ივნისამდე გადაიდო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან