იუსტიციის სამინისტრო მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე მსჯელობას ხვალიდან დაიწყებს – პრემიერი

“ხვალიდან იუსტიციის სამინისტრო საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით დაიწყებს მსჯელობას მომავალი მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე”, – ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ.

“როგორც საზოგადოებას შევპირდით, ეს კონსულტაციები იქნება მაქსიმალურად ფართო. ჩვენი მიზანია, მთავარი პროკურორის კანდიდატურას, რომელიც იქნება შერჩეული, ჰქონდეს მაქსიმალური ლეგიტიმაცია საზოგადოების მხრიდან. დღეს შევჯერდით მხოლოდ პრინციპებზე. კონკრეტულ კანდიდატურებზე პოლიტსაბჭოზე ჯერ არ გვიმსჯელია. ეს საკითხი პოლიტსაბჭოზე მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ დადგება, რაც მთავრობის მიერ დამტკიცებული კონკრეტული კანდიდატურა პარლამენტს გაეგზავნება”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით პარასკევს გადადგა. ევროპულმა საქართველომ მთავარი პროკურორის კანდიდატად მმართველ გუნდს თავისუფალი დემოკრატი შალვა შავგულიძე შესთავაზა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com