ნაციონალურმა მოძრაობამ ზაზა სარალიძე მძევლად აიყვანა – ელისაშვილი

თბილისის მერობის კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი აცხადებს, რომ ზაზა სარალიძე ნაციონალურმა მოძრაობამ მძევლად აიყვანა. ამის შესახებ ელისაშვილმა პარლამენტთან განაცხადა, სადაც, როგორც თვითონ ამბობს, სარალიძის მძევლობიდან გამოსახსნელად მივიდა, თუმცა ეს უკანასკნელი იქ არ დახვდა.

“არანაირი კონსულტაციისთვის მე აქ არ მოვსულვარ. მე მოვედი იმისათვის, რომ ზაზა სარალიძე მენახა. სამწუხაროდ, ის არც კარავშია, ტელეფონიც გამორთული აქვს. მე მისი ნაციონალური მოძრაობის მძევლობიდან დახსნა მინდოდა, პირდაპირ რომ გითხრათ. ნაციონალურმა მოძრაობამ ეს კაცი მძევლად აიყვანა. მის ტკივილს და ტრაგედიას კი აშკარად იყენებს იმისთვის, რომ რევოლუცია დაიწყოს და მოაწყოს. ეს დაუშვებელია. მთლიანად გაიფანტება ის ყველაფერი, რაც ამ დღეების განმავლობაში იყო და ენმ ამ დღევანდელი გაუგებარი აქციის ორგანიზებით დაეხმარება “ქართულ ოცნებას, რომ ამ სიტუაციიდან გამოძვრეს. თუკი ოდნავ მაინც ჭკუა აქვთ “ქართულ ოცნებაში”, მინდა მათ კატეგორიულად მივმართო, რომ დღის ბოლომდე მთავარ პროკურორად დაასახელონ ან შალვა შავგულიძე, ან ანა დოლიძე და სხვა არავინ, თუ უნდათ, რომ სიტუაცია განიმუხტოს”, – განაცხადა ელისაშვილმა.

გუშინ ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი მათივე მოთხოვნით ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდნენ და გადაწყდა, რომ საპროტესტო აქციების პროცესში დღეიდან პოლიტიკოსები აქტიურად ჩაერთვებიან. მოთხოვნა ორია: მთავრობის გადადგომა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

ამავე თემაზე გირჩევთ

რაზე შეთანხმდნენ სარალიძე/მაჩალიკაშვილი და პარტიები

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com