ახალი ამბები

რუსთავი 2: ზაზა სარალიძის შვილს ვერცხლისფერ საგანს ფარდულში სასულიერო პირის შვილი ურტყამდა

2 ივნისი, 2018 • 6878
რუსთავი 2: ზაზა სარალიძის შვილს ვერცხლისფერ საგანს ფარდულში სასულიერო პირის შვილი ურტყამდა

„რუსთავი 2“ აქვეყნებს ერთ-ერთი ბრალდებულის მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ზაზა სარალიძის მოკლულ შვილს პირველ დეკემბერს ფარდულში გაურკვეველ საგანს ურტყამდა ერთ-ერთი დეკანოზის შვილი. ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში ამ პირის მონაწილეობის შესახებ საჯაროდ დღეს პირველად ითქვა.

ჩანაწერი სასამართლო დარბაზიდან. ბრალდებული მხარეების კითხვებს პასუხობს [ჩანაწერში საუბარია ინციდენტში მონაწილე ორი არასრულწლოვნის შესახებ, რომელთა ვინაობასაც მხოლოდ ინიციალებით გთავაზობთ]:

ბრალდებული: არ დამინახავს კ.ა-ს დროს ნივთის ფერი, უბრალოდ ხელში რაღაც ეჭირა.

-და მ.ე-ს დროს ფერი გაარჩიე?

– კი, იმიტომ, რომ შედარებით ახლოს მედგა.

– ის ვერცხლისფერი ნივით, რომელსაც მ.ე. ურტყამდა სარალიძეს, როგორც თქვენ ბრძანეთ, ამ ნივთის მეორე მხარე თუ ჩანდა?

– ანუ ტარი დავინახე, მეორე მხარე არ დამინახავს.

– ესენი როდესაც ერთდროულად ურტყამენ სარალიძეს ამ ნივთებს ფარდულში, ამ დროს ერთმანეთთან კომუნიკაცია თუ აქვთ, თუ საუბრობენ?

– არ ვიცი.

– კ.ა. ფარდულში, როგორ ხედავ, რას აკეთებს?

– ურტყამს ხელს სარალიძეს.

– რომელ მხარეს იდგა?

– მარცხენა მხარეს.

– რა იცი, რომ ხელი იყო, ხედავდი კარგად?

– არ დამინახავს, ზუსტად რა იყო.

– მაგრამ მოძრაობას ხედავდი, თუ საიდან იცი რას აკეთებდა?

– მოძრაობას ვხედავდი.

– შიგნით ფარდულში არის შესული კ.ა.

– კი

– მ.ე. სად არის?

– კ.ს. მერე მ.ე. შევიდა ფარდულში.

– მ.ე. რას აკეთებს?

– მ.ე-ც ურტყამდა სარალიძეს.

– რომელ მხარეს იდგა?

– უკან და ოდნავ მარჯვნივ.

– ხედავდი, ხელში რა ეჭირა?

– ვერა.

– ანუ შიგნით იყო ხომ, ფარდულში?

– კი.

– ანუ შენ ამბობ, რომ ურტყამდა კ.ა. და ურტყამდა მ.ე. სარალიძეს?

– კი.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე კონფლიქტის დროს დაიჭრა სასულიერო პირის შვილი მ.ე-ც, თუმცა არ არის ცნობილი, ვინ დაჭრა ეს არასრულწლოვანი.

დღეს „რუსთავი 2“-ს ზაზა სარალიძემაც დაუდასტურა დავით სარალიძის მკვლელობაში იმ პირის მონაწილეობა, რომელიც რუსთავი 2-ის ინფორმაციით დეკანოზის შვილია. თუმცა თავად ზაზა სარალიძემ ამ კონკრეტული ინფორმაციის დადასტურებისგან თავი შეიკავა.

ზაზა სარალიძემ ასევე განაცხადა, რომ ამ ფაქტობრივი გარემოების შესახებ პროკურატურას ინფორმაცია სამი თვის წინ თავად მიაწოდა, თუმცა პროკურორმა უთხრა, რომ ვერ დააკავებდა ამ პირს, რადგან შესაბამისი მტკიცებულებები არ ჰქონდათ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი