ახალი ამბები

მოკლულთა ოჯახებთან შეხვედრები იყო სულიერი დატვირთვის და სხვა მიზანი არ ჰქონია – საპატრიარქო

2 ივნისი, 2018 • 1641
მოკლულთა ოჯახებთან შეხვედრები იყო სულიერი დატვირთვის და სხვა მიზანი არ ჰქონია – საპატრიარქო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ხორავაზე მოკლული ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მშობლებთან შეხვედრის შემდეგ განცხადებას ავრცელებს. საპატრიარქოში ამბობენ, რომ შეხვედრები მხოლოდ სულიერი დატვირთვის იყო და სხვა მიზანი არ ჰქონია:

“ა.წ. 2 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს  შეხვდნენ ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიისას გარდაცვლილი ახალგაზრდების, – დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის, – მშობლები და ოჯახის წევრები. მისმა უწმინდესობამ კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა მათ მომხდარის გამო და უსურვა ღვთის შეწევნა. შეხვედრები იყო მხოლოდ სულიერი დატვირთვის და  სხვა მიზანი არ ჰქონია” – ვკითხულობთ განცხადებაში.

ამასთან, საპატრიარქოში გუშინ, პირველ ივნისს თავისუფლების მოედანზე გამართულ შეკრებაზეც საუბრობრე, რომელშიც სასულიერო პირებიც მონაწილეობდნენ. გაცხადებაში ნათქვამია, რომ ეს ქმედება და გაკეთებული განცხადებები ამ პირების პირადი ინიციატივით გაკეთდა და მათ შესახებ საპატრიარქო ინფორმირებული არ იყო:

შევნიშნავთ იმასაც, რომ ა.წ. 1 ივნისს თავისუფლების მოედანზე გამართულ შეკრებაზე მონაწილეობდნენ სასულიერო პირებიც და გაკეთდა შეფასება პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით. ეს ქმედებაც და  განაცხადიც არის მათი პირადი ინიციატივა და ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქო ინფორმირებული არ იყო” – წერია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსნებეთ,  ზაზა სარალიძე დღეს, 2 ივნისს,  საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა, თუმცა შეხვედრის შემდეგ მხარეებს კომენტარი არ გაუკეთებიათ. საპატრიარქოს ტერიტორიის დატოვებამდე სარალიძემ ჟურნალისტებს განუმარტა, რომ ილია მეორესთან იმ საკითხებზე ისაუბრა, რაც ბოლო დღეებში ვითარდება, თუმცა სხვა დეტალები არ გაუჟღერებია.

მოგვიანებით, საპატრიარქოში მივიდნენ მოკლული ლევან დადუნაშვილის ოჯახის წევრებიც. შეხვედრის დეტალებზე ჟურნალისტებთან არც მათ უსაუბრიათ.


თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 31 მაისს გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. რაც შეეხება იმავე ჩხუბის დროს მოკლულ დავით სარალიძეს, მისი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ ბრალი მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა. შესაბამისად, ამ დროისათვის უცნობია, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი