ახალი ამბები

“გეგმა კრიზისიდან გამოსასვლელად” – არასამთავრობოების 6 რჩევა ხელისუფლებას

2 ივნისი, 2018 • 2299
“გეგმა კრიზისიდან გამოსასვლელად” – არასამთავრობოების 6 რჩევა ხელისუფლებას

არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას 6-პუნქტიან გეგმას სთავაზობენ. მათი თქმით, ბოლო დღეებში გამოხატული საზოგადოებრივი პროტესტი მხოლოდ ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას არ უკავშირდება და ის ქვეყანაში შექმნის კრიზისულ ვითარებაზე მიუთითებს.

არასამთავრობოები საზოგაოების აღშფოთების რამდენიმე მიზეზს ასახელებენ. მათი თქმით, სასამართლო და სამართალდამცავ სისტემებში არსებული კორუფცია, გატარებული რეფორმების არაეფექტურობა და სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ძალის გადამეტება მოსახლეობაში უსამართლობისა და დაუცველობის გრძნობის აღმოფხვრას ხელს უშლის.

“პოლიტიკური თანამდებობის პირებმა, რომელთა უშუალო მოვალეობას წარმოადგენდა სისხლის სამართლისა და მართლმსაჯულების სფეროებში რეფორმების წარმართვა, ვერ მოახერხეს აღნიშნული ფუნქციის შესრულება, რაც ცხადია, ხელისუფლების მხრიდან არასაკმარისი პოლიტიკური ნებისა და საზოგადოებრივი აზრის იგნორირების პრობლემას უკავშირდება. სამართალდამცავ და სასამართლო სისტემაში ხელისუფლების მიერ დეკლარირებული რეფორმების დიდი ნაწილი ფორმალური ხასიათის აღმოჩნდა და საზოგადოებაში ღრმა უსამართლობის და დაუცველობის განცდა ვერ აღმოფხვრა”, – ნათქვამია განცხადებაში.

არასამტავრობო ორგანიზაციები სისტემური პრობლემების აღმოსაფხვრელად ხელისუფლებას ურჩევენ:

  1. უზრუნველყოს ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის, მათ შორის, ამ საქმესთან კავშირში თანამდებობის პირების მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და სამსახურებრივი სიყალბის სავარაუდო შემთხვევების სრულყოფილი და ეფექტური გამოძიება და დამნაშავე პირების სამართლიანი დასჯა. ამ კუთხით ასევე მნიშვნელოვანია საქმის მასალების დაზარალებულის უფლებამონაცვლისთვის გადაცემა და გაუმჟღავნებლობის ვალდებულების მოხსნა;
  2. არსებითია, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია არ შემოიფარგლოს მხოლოდ ხორავას ქუჩაზე ჩადენილი მკვლელობისა და ამ საქმესთან კავშირში თანამდებობის პირების სავარაუდო დანაშაულის გამოძიების შესწავლით და მისმა მანდატმა მოიცვას ბოლო პერიოდში სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების მძიმე საქმეები (მათ შორის, აფგან მუხთარლის საქმე, თ. მაჩალიკაშვილის საქმე), სადაც ადამიანის უფლებების დაცვის საკითხი კრიტიკულად დადგა;
  3. დაუყოვნებლივ დადგეს იმ თანამდებობის პირების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც ვერ უზრუნველყვეს სისხლის სამართლისა და მართლმსაჯულების სფეროში თანმიმდევრული, რეალური და ეფექტური რეფორმების განხორციელება;
  4. უზრუნველყოს მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესის ფართო ჩართულობით წარმართვა, რათა კონსენსუსური გადაწყვეტილებით შერჩეულ იქნას მიუკერძოებელი კანდიდატი, რომელიც არ იქნება აფილირებული ხელისუფლებასთან ან მმართველ პარტიასთან და ისარგებლებს მაღალი საზოგადოებრივი ნდობით;
  5. ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ განაახლოს მუშაობა ეფექტური და რეალურად დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნაზე, რომელიც სამართალდამცავი სისტემის წარმომადგენლების მხრიდან ჩადენილი დანაშაულების გამოძიებასთან ერთად, აღჭურვილი იქნება სისხლისსამართლებრივი დევნის ფუნქციით. ხელისუფლებამ უარი უნდა თქვას საგამოძიებო მექანიზმის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან მიერთებაზე.
  6. ხელისუფლებამ უნდა აჩვენოს სამართალდამცავი სისტემის რეფორმირების რეალური ნება და დაუყოვნებლივ დაიწყოს პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ძირეული რეფორმა.

განცხადებას ხელს 13 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს. მათ შორის არიან: სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), ღია საზოგადოების ფონდი, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა –  საქართველო, ადამიანის უფლებათა ცენტრი, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR), დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD), თანასწორობის მოძრობა, თემიდა, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), მედია განვითარების ფონდი (MDF), ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), საფარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი