“ევროპული საქართველო” მთავარი პროკურორის პოსტზე შალვა შავგულიძეს ასახელებს

“ევროპული საქართველო” მთავარი პროკურორის თანამდებობაზე შალვა შავგულიძის კანდიდატურას ასახელებს. ამის შესახებ დღეს, 2 ივნისს გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

როგორც პარტიის ლიდერი, დავით ბაქრაძე განმარტავს, “ევროპული საქართველოს” მიერ შავგულიძის კანდიდატურის დასახელებას წინ უძღოდა იმავე საკითხზე “ქართულ ოცნებაში” გუშინ დაწყებული განხილვები.

“როგორც ჩანს, ხელისუფლებამ ჭკუა ვერ ისწავლა და აპირებს ახალი პროკურორის დასახელებას ზუსტად იმავე სისტემის ფარგლებში, რომლის დანგრევასაც ითხოვს ხალხი. რა თქმა უნდა, ჩვენი ვალდებულებაა, როგორც საპარლამენტო ოპოზიციის, არ დავუშვათ პროცესის ამ მიმართულებით წასვლა. ამიტომ, ერთი მხრივ, ჩვენ სრულად ვიზიარებთ ყველა იმ მოთხოვნას, რომელსაც აჟღერებს ზაზა სარალიძე და ჩვენი საზოგადოება მიტინგზე და ამ მოთხოვნების მიმართ სრულიად სოლიდარულები ვართ, მაგრამ, როგორც საპარლამენტო ოპოზიცია, რომელსაც გააჩნია დამატებითი პასუხისმგებლობა, გამოვდივართ დამატებითი ნაბიჯებით,” – განმარტავს დავით ბაქრაძე.
მისივე თქმით, “ევროპული საქართველო” შავგულიძის კანდიდატურას სთავაზობს არა მხოლოდ საზოგადოებასა და პოლიტიკურ სპექტრს, არამედ ზაზა სარალიძესა და ყველა იმ მშობელს, რომელთა შვილების მკვლელობაც გამოძიებული არ არის.

,,შალვა შავგულიძე არასდროს არ ყოფილა ჩვენი პოლიტიკური მოკავშირე. ჩვენ ვიყავით ყოველთვის სხვადასხვა პოლიტიკურ ბანაკებში. მახსოვს, როდესაც ჩვენ ვიყავით ხელისუფლებაში, შალვა შავგულიძე იყო სანდრო გირგვლიანის ადვოკატი. მაშინ მან დაამტკიცა და აჩვენა, რომ ის არის ღირსეული, რომელსაც შეუძლია და არ ეშინია სისტემის წინაღმდეგ წასვლა,’’ – ამბობს დავით ბაქრაძე

ირაკლი შოთაძე საქართველოს მთავარი პროკურორის პოსტიდან 31 მაისს გადადგა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან