ახალი ამბები

დღეს მეტროს თანამშრომლები გაფიცვას იწყებენ

2 ივნისი, 2018 • 7758
დღეს მეტროს თანამშრომლები გაფიცვას იწყებენ

მეტროს დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის, “ერთობა-2013”-ის ინფორმაციით, 3 ივნისიდან, 15:00 საათზე გლდანის დეპოში მეტროს თანამშრომლები გაფიცვას დაიწყებენ.

კვირას, 3 ივნისს, 15:00 საათზე, გლდანის დეპოში, “ერთობა 2013″ სასამართლოს გადაწყვეტილების ფარგლებში იწყებს უვადო გაფიცვას შიმშილობასთან ერთად, რომელიც 4 ივნისს მეტროს სრულმასშტაბიან პარალიზებას გამოიწვევს, იმ ადეკვატური და სამართლიანი მოთხოვნით, რაც მეტროპოლიტენში დასაქმებულთა ანაზღაურების გაზრდას ითვალისწინებს.

ყველა იმ შემთხვევაზე, რაც გამოიწვევს ჩვენი თანამოქალაქეების დისკომფორტს, ან საფრთხეს შეუქმნის რომელიმე სასიცოცხლო მნიშვნელობის უწყების ფუნქციონირებას, პასუხისმგებლობას სრულად ვაკისრებთ დამსაქმებელს და ყველა იმ სუბიექტს, რომელთაც ამ დავის უმტკივნეულოდ გადაწყვეტა ხელეწიფებოდათ,”- ნათქვამია პროფკავშირის განცხადებაში.

გარდა ამისა, როგორც მეტროს თანამშრომლების განცხადებაშია ნათქვამი „ერთობა 2013“ ემორჩილება სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც მემანქანეებს მიუთითებს არასამუშაო დროს გაფიცვაზე, ხოლო სხვა პოზიციებზე დასაქმებულ ჩვენს წევრებს აძლევს გაფიცვის გამოყენების უფლებას.

“ეს ნიშნავს, იმას, რომ მემანქანეები საკუთარი დასვენების დროის ხარჯზე გავიფიცებით და შემდეგი ცვლისთვის მომზადების ნაცვლად დასვენების დროს სრულად გამოვიყენებთ გაფიცვის უფლების რეალიზებისთვის. აქვე გვინდა ვთქვათ, რომ დასვენება და სამუშაო ცვლისთვის მომზადება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მემანქანეებისთვის,”- აცხადებს “ერთობა 2013”.

წერილის ბოლოს მემანქანეები განმარტავენ, რომ მათი ვარაუდით დასვენების დროს საფაგიცვო რეჟიმში ყოფნის შემდეგ მოსახლეობის მომსახურებას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვეღარ შეძლებენ.

“ჩვენის მხრივ ვაცხადებთ, რომ ჩვენ მოვემსახურებით ქალაქის მოსახლეობას პასუხისმგებლობით, ვიდრე ჩვენ საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობა მოგვცემს ამის შესაძლებლობას.

წერილში “ერთობა 2013” ხელმძღვანელობასაც მიმართავს და განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნები დაკმაყოფილდება, ისინი აღარ გაიფიცებიან.

“დაბოლოს, მეტროს თანამშრომელთა სახელით ყველა თანამოქალაქეს ბოდიშს გიხდით დისკომფორტისათვის და იმ მნიშვნელოვანი სიკეთის ვერ შესრულებისთვის, რასაც მიწისქვეშა ტრანსპორტით გადაადგილება ჰქვია. ასევე მადლობა მთელი ამ დროის მანძილზე გამოხატული მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის. ჩვენ თქვენი მხარდაჭერა ამ გადამწყვეტ მომენტში განსაკუთრებულად გვჭირდება. ჩვენ ერთად შევქმნით ჯანსაღ გარემოს მშრომელთა უფლებების დასაცავად უკეთესი ქვეყნისა და ქალაქისათვის!,” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი