ახალი ამბები

ბოტკოველი: ილია მეორე ზაზა სარალიძეს დღეს შეხვდება

2 ივნისი, 2018 • 2976
ბოტკოველი: ილია მეორე ზაზა სარალიძეს დღეს შეხვდება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე დღეს, 2 ივნისს, 4 საათზე, ზაზა სარალიძეს საპატრიარქოში შეხვდება. ამის შესახებ ნეტგაზეთს პატრიარქის მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა განუცხადა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა თავად ზაზა სარალიძის განცხადება, რომელმაც ილია მეორეს შეხვედრა სთხოვა.

“არ ვიცი, როგორ უნდა დავეკონტაქტო საპატრიარქოს და ტელევიზიით მიწევს. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, დღეს, 4 საათზე, თუ იქნება საშუალება, რომ შევხვდე… მე მივდივარ ჩემს სულიერ მამასთან სასაუბროდ, არა იმაზე, რომ შეთანხმებებზე წავიდეთ, არამედ იმაზე, რომ გავუზიარო ჩემი გაჭირვება. მე ჩემი შვილის სულსა და სიწმინდეს ყოველთვის დავიცავ, სხვა გარემოებებს ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს,”- განაცხადა ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებთან.

მისივე განმარტებით, აქციები არ დასრულდება იქამდე, სანამ არ დაისჯებიან დამნაშავეები, მათ შორის ისინიც, ვინც ნივმთკიცებულებები გააყალბა.


საპროტესტო აქციები 6 თვის წინ ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას უკავშირდება, რომლის დროსაც ორი არასრულწლოვანი დაიღუპა.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 31 მაისს გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. რაც შეეხება იმავე ჩხუბის დროს მოკლულ დავით სარალიძეს, მისი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ ბრალი მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა. შესაბამისად, ამ დროისათვის უცნობია, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე.

სასამართლოს გადაწყვეტლების გამოცხადების შემდეგ, მოკლულის მამა ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები პროკურატურასთან მივიდნენ და საპროტესტო აქცია გამართეს. დავით სარალიძის მამა აცხადებს, რომ სანამ მისი შვილის მკვლელებს არ დააკავებენ და არ დაისჯება ყველა დამნაშავე, მათ შორის, პროკურორები, აქციებს არ შეწყვეტს. სარალიძე გამოძიების ხელახლა ჩატარებას ითხოვს.

მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე 31 მაისს, გადადგა. მის გადადგომა წინ უძღოდა სარალიძის ოჯახისა და მისი მხარდამჭერების აქციაб, რომელმაც პროკურორის გადადგომის შემდეგ პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი