ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი გადადგა

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ განცხადება მან საკუთარ ფეისბუკ გვერდზე გაავრცელა.

“მე ვტოვებ ფედერაციის პრეზიდენტის პოსტს, რამეთუ ყველა იმ ძიუდოისტს, რომელიც ორიენტირებულია თავის საქმის ღირსეულად კეთებაზე, მიეცეს მშვიდ ვითარებაში ამ საქმის კეთების საშუალება და არ გახდნენ პროვოკაციის მსხვერპლნი, რომელსაც ამ ხნის განმავლობაში ძალიან ბევრჯერ ჰქონდა ადგილი,” – წერს დავით ქევხიშვილი.

მისივე განმარტებით, პოსტის დატოვების გადაწყვეტილება მან აქამდე იმიტომ არ მიიღო, რომ აღნიშნულს “პიროვნულ ინტერესებზე” ორიენტირებული ძალები ითხოვდნენ.

“არ გავაკეთე არა პირადი, არამედ ძიუდოს იტერესებიდან გამომდინარე, რამეთუ პრინციპული პოზიცია, დაცვა სიმართლის და, შესაბამისად, სამართლებრივი ინსტიტუტების, დღეს როგორც არასდროს, არ ამხოლოდ სპორტის, არამედ ყველა სხვა სახელმწიფოებრივ სტრუქტურასთან მიმართებაში არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის,” – ნათქვამია ქევხიშვილის განცხადებაში.

ქევხიშვილის ამ განცხადებამდე კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით შექმნილმა კომისიამ გამოიკვლია ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტისადმი ძიუდოისტების მიერ წაყენებული ბრალდებები და დავით ქევხიშვილს ნდობა გამოუცხადა, შესაბამისად, მის გადადგომას მხარი არ დაუჭირა. ამის შესახებ კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ 29 მაისს გამართული სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ვრცლად ძიუდოს ფედერაციაში მიმდინარე მოვლენებზე შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან