ზვიად კუპრავა: სუსი გეგმავს პროვოკაციებს, მათ შორის, სარალიძის დაჭრას

ზაზა სარალიძის მეგობარმა, ზვიად კუპრავამ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე თქვა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მათ წინააღმდეგ გეგმავს პროვოკაციებს. კუპრავას განცხადებით, შესაძლოა განიხილებოდეს ზაზა სარალიძის დაჭრა და ა.შ.

როგორც კუპრავამ თქვა, მოსალოდნელი პროვოკაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა სუს–ის ყოფილმა მაღალჩინოსამა, თინა ხიდაშელის ძმამ, მიშა ხიდაშელმა. კუპრავას ინფორმაციით, სუს–ის ყოფილი მაღალჩინოსნის საუბარი ჩაწერილია ტელეფონით ვიდეოზე. მან მოუწოდა სუს–ს, დაიწყოს გამოძიება, დაკითხოს აღნიშნული პირი.

ზვიად კუპრავას განცხადებით, ის მზად არის, ითანამშრომლოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და მათ შორის, მათ მიაწოდოს აღნიშნული ვიდეო.

სუს–ში აცხადებენ, რომ კუპრავას მიერ დასახელებულ პირს, მიშა ხიდაშელს, არასდროს უმუშავია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა პირად ფეისბუკ გვერდზე დაწერა, რომ მის ძმას არასდროს უმუშავია სუს–ში. ის მხოლოდ შსს–ში მუშაობდა წლების წინ და უწყებიდან ირაკლი ოქრუაშვილის მინისტრობისას გაათავისუფლეს.

განახლება: შსს–ში აცხადებენ, რომ კუპრავას განცხადებაზე გამოძება დაიწყეს და მიშა ხიდაშელი გამოკითხვაზე დაიბარეს.

სანამ კუპრავა აღნიშნულს იტყოდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ არსებობს სარალიძის სიცოცხლის ხელყოფის რეალური საფრთხე. უწყებამ ზაზა სარალიძეს დაცვა შესთავაზა, რაზეც სარალიძემ უარი განაცხადა.


თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 31 მაისს გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. რაც შეეხება იმავე ჩხუბის დროს მოკლულ დავით სარალიძეს, მისი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ ბრალი მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა. შესაბამისად, ამ დროისათვის უცნობია, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე.

სასამართლოს გადაწყვეტლების გამოცხადების შემდეგ, მოკლულის მამა ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები პროკურატურასთან მივიდნენ და საპროტესტო აქცია გამართეს. დავით სარალიძის მამა აცხადებს, რომ სანამ მისი შვილის მკვლელებს არ დააკავებენ და არ დაისჯება ყველა დამნაშავე, მათ შორის, პროკურორები, აქციებს არ შეწყვეტს. სარალიძე გამოძიების ხელახლა ჩატარებას ითხოვს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.