მიტროპოლიტი პეტრე: ზაზა სარალიძეს უთანასწორო ბრძოლაში სრულ თანადგომას ვუცხადებ

ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ზაზა სარალიძეს თანადგომას უცხადებს და ამბობს, რომ  ქვეყანაში სისტემური პრობლემებია და ამისთვის ცვლილებებია საჭირო.

“ბატონ ზაზასთან ერთად მთელი გულით განვიცდით უსამართლო მსჯავრს და სრულ თანადგომას ვუცხადებთ უთანასწორო ბრძოლაში. ვადასტურებთ ქვეყანაში არსებულ სისტემურ პრობლემას, რომელიც დაუყოვნებლივ შესაცვლელია. სამწუხაროდ, თავის დროზე ეკლესიის წარმომადგენელთა მხრიდან ამ პროკურატურისადმი სრული ნდობის გამოცხადებამ ამ შედეგს ხელი შეუწყო,“ – წერია მიტროპოლიტის მიმართვაში.


  • თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 31 მაისს გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.
  • სასამართლოს გადაწყვეტლების გამოცხადების შემდეგ, მოკლულის მამა ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები პროკურატურასთან მივიდნენ და საპროტესტო აქცია გამართეს. დავით სარალიძის მამა აცხადებს, რომ სანამ მისი შვილის მკვლელებს არ დააკავებენ და არ დაისჯება ყველა დამნაშავე, მათ შორის, პროკურორები, აქციებს არ შეწყვეტს. სარალიძე გამოძიების ხელახლა ჩატარებას ითხოვს. გარდა ამისა, აქციის მთავარი მოთხოვნა მთავრობის გადადგომაა.
  • 31 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მკვლელობის საქმის გამოძიება დაუბრუნდება შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქმეს უხელმძღვანელებს უშუალოდ შს მინისტრი გიორგი გახარია.
  • პირველ ივნისს ცნობილი გახდა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის საქმეზე შსს ატარებს გამოძიებას, რათა დაადგინოს პირები, ვინც მუდმივად, ფარულად ცდილობდნენ ფაქტების, მათ შორის, ექსპერტიზის დასკვნების დამახინჯებას და ფინანსური თუ სხვა გავლენების გამოყენებით სასამართლო განხილვის შედეგებზე ზემოქმედებას.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.