ახალი ამბები

ფილარმონიასთან  გამართულ აქციაზე შსს-მ 4 პირი დააკავა

1 ივნისი, 2018 • 1466
ფილარმონიასთან  გამართულ აქციაზე შსს-მ 4 პირი დააკავა

ფილარმონიასთან  გამართულ აქციაზე შსს-მ 4 პირი დააკავა, ხოლო 7 პირი გამოკითხვაზე გადაიყვანა.

შსს-ს ცნობით, პირები ადმინისტრაციული წესით წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს.

პოლიციამ დღეს, 1 ივნისს, ფილარმონიასთან მიმდინარე აქციაზე დააკავა გურამ ქართველიშვილი და კიდევ რამდენიმე პირი.

ქართველიშვილმა აქცია დაგეგმა, რათა შექმნილი მდგომარეობა გაეპროტესტებინა. მისი მიმართვიდან მალევე, ნაციონალისტურმა მოძრაობამ, ქართულმა მარშმაც თავის ფეისბუკ გვერდზე დაწერა, რომ ისინი უერთდებიან ქართველიშვილის მოწოდებას და მხარდამჭერებს ფილარმონიასთან შეკრებისკენ მოუწოდებენ.

ქართველიშვილმა მოუწოდა “საზოგადოების სუფთა ნაწილს”, შეიკრიბონ ფილარმონიასთან და ერთად გამოხატონ პროტესტი. მისი თქმით, მიუღებელია, რომ ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად რუსთაველზე ნაციონალური მოძრაობის წევრები არიან შეკრებილი.

ქართველიშვილმა ასევე მოუწოდა ზაზა სარალიძეს:

“ფილარმონიასთან ვიკრიბებით. გამოგიგზავნი წარმომადგენელს. თქვენ მე თუ იმ აქციაზე არ მიმიღებთ, მერე გავაკეთებ განცხადებას”.

ქართველიშვილის თქმით, ფილარმონიასთან დაგეგმილი აქციის მიზანია გაიმიჯნოს, ვინ არის “ნაციონალი” და ვინ – არა.

“რა გვინდა რუსთაველზე?! ჩვენი საპროტესტო აქცია ჩვენს ქვეყანას ძალით თავსმოხვეული უბედურებებისა და მთავრობა-პარტიების წინააღმდეგ დღეს, 19 საათზე, ფილარმონიასთან იმართება!. ზაზა სარალიძე და სხვა შვილმკვდარი მშობლები იქ უნდა მოვიდნენ, საქართველოს გაუსვრელი მოსახლეობის შეკრებაზე და ერთად გავაპროტესტოთ ჩვენი საერთო სატკივარი!”, – ამ განცხადებას ავრცელებს ფეისბუ გვერდი სახელწოდებით “ქართველ მეანაბრეთა ასოციაცია”.

უკვე მეორე დღეა, ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას მართავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი