ახალი ამბები

არსებობს ზაზა სარალიძის სიცოცხლის ხელყოფის რეალური საფრთხე – შსს

1 ივნისი, 2018 • 9729
არსებობს ზაზა სარალიძის სიცოცხლის ხელყოფის რეალური საფრთხე – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ზაზა სარალიძეს მოწმეთა დაცვის სპეციალური პროგრამაში ჩართვას სთავაზობს, რადგან უწყების ცნობით, მის სიცოცხლეს რეალური საფრთხე ემუქრება:

“არსებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ზაზა სარალიძის წინააღმდეგ გარკვეული პოლიტიკურად მოტივირებული ძალების მხრიდან მოსალოდნელია სხვადასხვა სახის პროვოკაციები. აღნიშნული პროვოკაციები შესაძლოა გამოყენებული იყოს ქვეყანაში დესტაბილიზაციისთვის. ვინაიდან ეს რისკი მაღალია და არსებობს სიცოცხლის ხელყოფის რეალური საფრთხე, შინაგან საქმეთა სამინისტრო ზაზა სარალიძეს სთავაზობს მოწმეთა დაცვის სპეციალური პროგრამით გათვალისწინებულ სპეციალურ ღონისძიებებს”,- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.


  • თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 31 მაისს გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. რაც შეეხება იმავე ჩხუბის დროს მოკლულ დავით სარალიძეს, მისი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ ბრალი მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა. შესაბამისად, ამ დროისათვის უცნობია, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე.
  • სასამართლოს გადაწყვეტლების გამოცხადების შემდეგ, მოკლულის მამა ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები პროკურატურასთან მივიდნენ და საპროტესტო აქცია გამართეს. დავით სარალიძის მამა აცხადებს, რომ სანამ მისი შვილის მკვლელებს არ დააკავებენ და არ დაისჯება ყველა დამნაშავე, მათ შორის, პროკურორები, აქციებს არ შეწყვეტს. სარალიძე გამოძიების ხელახლა ჩატარებას ითხოვს. გარდა ამისა, აქციის მთავარი მოთხოვნა მთავრობის გადადგომაა.
  • 31 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მკვლელობის საქმის გამოძიება დაუბრუნდება შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქმეს უხელმძღვანელებს უშუალოდ შს მინისტრი გიორგი გახარია.
  • პირველ ივნისს ცნობილი გახდა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის საქმეზე შსს ატარებს გამოძიებას, რათა დაადგინოს პირები, ვინც მუდმივად, ფარულად ცდილობდნენ ფაქტების, მათ შორის, ექსპერტიზის დასკვნების დამახინჯებას და ფინანსური თუ სხვა გავლენების გამოყენებით სასამართლო განხილვის შედეგებზე ზემოქმედებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი