ახალი ამბები

#ნუ მომკლავ – სოლიდარობის აქცია ზუგდიდშიც გაიმართა

1 ივნისი, 2018 • 2690
#ნუ მომკლავ – სოლიდარობის აქცია ზუგდიდშიც გაიმართა

სარალიძეების ოჯახის მხარდამჭერი აქცია, საქართველოს სხვა ქალაქების მსგავსად, ზუგდიდშიც გაიმართა. შეკრებილები აცხადებდნენ, რომ ისინი ყველა იმ ოჯახს უცხადებდნენ სოლიდარობას, რომლებიც სამართლიანობას ეძებენ.

აქციის მონაწილეები, ძირითადად სტუდენტები, ქალაქის ცენტრალური ბულვარიდან პროკურატურისა და იუსტიციის სახლის შენობებთან მსვლელობით მივიდნენ და მოკლული დავით სარალიძის საქმის გამოძიებასთან ერთად სისტემური ცვლილებებიც მოითხოვეს.მათი თქმით, ირაკლი შოთაძის გადადგომა ამისთვის საკმარისი არ არის.


 

  • თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 31 მაისს გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. რაც შეეხება იმავე ჩხუბის დროს მოკლულ დავით სარალიძეს, მისი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ ბრალი მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა. შესაბამისად, ამ დროისათვის უცნობია, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე.
  • სასამართლოს გადაწყვეტლების გამოცხადების შემდეგ, მოკლულის მამა ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები პროკურატურასთან მივიდნენ და საპროტესტო აქცია გამართეს. დავით სარალიძის მამა აცხადებს, რომ სანამ მისი შვილის მკვლელებს არ დააკავებენ და არ დაისჯება ყველა დამნაშავე, მათ შორის, პროკურორები, აქციებს არ შეწყვეტს. სარალიძე გამოძიების ხელახლა ჩატარებას ითხოვს. გარდა ამისა, აქციის მთავარი მოთხოვნა მთავრობის გადადგომაა.
  • 31 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მკვლელობის საქმის გამოძიება დაუბრუნდება შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქმეს უხელმძღვანელებს უშუალოდ შს მინისტრი გიორგი გახარია.
  • პირველ ივნისს ცნობილი გახდა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის საქმეზე შსს ატარებს გამოძიებას, რათა დაადგინოს პირები, ვინც მუდმივად, ფარულად ცდილობდნენ ფაქტების, მათ შორის, ექსპერტიზის დასკვნების დამახინჯებას და ფინანსური თუ სხვა გავლენების გამოყენებით სასამართლო განხილვის შედეგებზე ზემოქმედებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი