გურამ ქართველიშვილი, ქართული მარში და სხვები ფილარმონიასთან ალტერნატიულ აქციას მართავენ

დრამატურგი გურამ ქართველიშვილი თავისი ფეისბუქ გვერდით მოუწოდებს ხალხს, დღეს, 1 ივნისს, 19 საათზე შეიკრიბონ თბილისში, ფილარმონიასთან, სადაც გააპროტესტებენ ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას. მისი მიმართვიდან მალევე, ნაციონალისტურმა მოძრაობა ქართულმა მარშმაც თავის ფეისბუკ გვერდზე დაწერა, რომ ისინი უერთდებიან ქართველიშვილის მოწოდებას და მხარდამჭერებს ფილარმონიასთან შეკრებისკენ მოუწოდებენ.

როგორც ქართველიშვილი ამბობს, ის მოუწოდებს “საზოგადოების სუფთა ნაწილს”, შეიკრიბონ ფილარმონიასთან და ერთად გამოხატონ პროტესტი. მისი თქმით, მიუღებელია, რომ ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად რუსთაველზე ნაციონალური მოძრაობის წევრები არიან შეკრებილები.

ქართველიშვილმა ასევე მოუწოდა ზაზა სარალიძეს:

“ფილარმონიასთან ვიკრიბებით. გამოგიგზავნი წარმომადგენელს. თქვენ მე თუ იმ აქციაზე არ მიმიღებთ, მერე გავაკეთებ განცხადებას”.

ქართველიშვილის თქმით, ფილარმონიასთან დაგეგმილი აქციის მიზანია გაიმიჯნოს, ვინ არის “ნაციონალი” და ვინ – არა.

 

“რა გვინდა რუსთაველზე?! ჩვენი საპროტესტო აქცია ჩვენს ქვეყანას ძალით თავსმოხვეული უბედურებებისა და მთავრობა-პარტიების წინააღმდეგ დღეს, 19 საათზე ფილარმონიასთან იმართება!. ზაზა სარალიძე და სხვა შვილმკვდარი მშობლები იქ უნდა მოვიდნენ, საქართველოს გაუსვრელი მოსახლეობის შეკრებაზე და ერთად გავაპროტესტოთ ჩვენი საერთო სატკივარი!”, – ამ განცხადებას ავრცელებს ფეისბუ გვერდი, სახელწოდებით “ქართველ მეანაბრეთა ასოციაცია”.

უკვე მეორე დღეა, ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას მართავენ.


თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 31 მაისს გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. რაც შეეხება იმავე ჩხუბის დროს მოკლულ დავით სარალიძეს, მისი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ ბრალი მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა. შესაბამისად, ამ დროისათვის უცნობია, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე.

სასამართლოს გადაწყვეტლების გამოცხადების შემდეგ, მოკლულის მამა ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები პროკურატურასთან მივიდნენ და საპროტესტო აქცია გამართეს. დავით სარალიძის მამა აცხადებს, რომ სანამ მისი შვილის მკვლელებს არ დააკავებენ და არ დაისჯება ყველა დამნაშავე, მათ შორის, პროკურორები, აქციებს არ შეწყვეტს. სარალიძე გამოძიების ხელახლა ჩატარებას ითხოვს. გარდა ამისა, აქციის მთავარი მოთხოვნა მთავრობის გადადგომაა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.