მაია ცირამუა: ხორავას ქუჩაზე მომხდარში მთავარი პრობლემა ჩვენი საზოგადოების მენტალობაა

ფსიქოლოგი მაია ცირამუა “ნეტგაზეთს” ესაუბრა იმის შესახებ, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდართან დაკავშირებით გამოძიების სწორად წარმართვა არის მთავარი, რადგან სამართლიანობის განცდა ყველაზე მეტად სჭირდებათ მოზარდებს.

“მთავარი არის გამოძიების სწორად წარმართვა. ყველაზე მეტად მოზარდებს რაც სჭირდებათ, ყველა მხარეს რაც სჭირდება, არის სამართღლიანობის განცდა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მათთვის, მათი მომავალი ცხოვრებისთვის. ეს უნდა იყოს აქციის მთავარი მოთხოვნა.

გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ  უკან გავიხედოთ და დავფიქრდეთ მიზეზებზე, რატომ ხდება ეს ჩვენს გარშემო. რატომ არ აქვს სახელმწიფოს და სხვადასხვა ინსტიტუციას ამ სახელმწიფოში ლეგიტიმაცია და ნდობა ახალგაზრდების მხრიდან და როდესაც მათ უჭირთ, რატომ მიმართავენ ე.წ. ავტორიტეტებს, ისევ თანატოლებს და არა სახელმწიფო უწყებებს, მშობლებს.

ამ უნდობლობაზე უნდა დავფიქრდეთ და იმაზე, თუ რომელი ინსტიტუტების ვალდებულებაა, რომ სისტემა არსებობდეს ქვეყანაში. დღეს არის 1 ივნისი, ბავშვთა დაცვის საერთაშირისო დღე. მე პირადად ვფიქრობ, რომ ეპიცენტრი უნდა იყოს აქ. იქიდან გამომდინარე, რომ ეს მოვლენა, რაც მოხდა 2017 წლის 1 დეკემბერს, ძალიან კარგად აჩვენებს, როგორაა ბავშვთა უფლებები დაცული საქართველოში. როგორ მარტონი არიან ისინი საკუთარ პრობლემებთან, როგორ არ იციან, როგორ გაუმკლავდნენ მათ და როგორ არ ეიმედებათ უფროსი ადამიანების, რომლებსაც შეუძლიათ დაეხმარონ ამ პრობლემების სწორად და ადეკვატურად მოგვარებაში და არა დანაშაულის დაფარვაში, იმაში, რომ ცუდი ბიჭი ხარ, თუკი პოლიციასთან თანამშრომლობ, ცუდი ბიჭი ხარ, თუკი “ჩაუშვებ”.

ეს შემთხვევა, რაც 2017 წლის 1 დეკემბერს მოხდა, ჩვენს საზოგადოებაში არსებულ პრობლემებზე მიგვანიშნებს, არა მხოლოდ ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე, არამედ ჩვენი საზოგადოების მენტალობაზეც, რაც მე მგონია, რომ ერთ–ერთი მთავარი პრობლემაა იმისა, რაც მოხდა დეკემბერში.

სკოლა უნდა იყოს სივრცე, რომელიც იწყებს ბულინგის პრევენციას. სამწუხაროდ, ჩვენ არაფერი არ გვაქვს ამ კუთხით ქვეყანაში, არ გვაქვს პირველ რიგში ცოდნა, არ გავქვს ამ საკითხზე მგრძნობელობა, რომ არაფერი ვთქვათ იმ მექანიზმებზე, იმ სერვისებზე, რაც ბულინგის პრევენციას სჭირდება.”

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com