ახალი ამბები

ომბუდსმენი: სარალიძე-დადუნაშვილის საქმეზე მასალები პროკურატურიდან გამოვითხოვეთ

1 ივნისი, 2018 • 1299
ომბუდსმენი: სარალიძე-დადუნაშვილის საქმეზე მასალები პროკურატურიდან გამოვითხოვეთ

პარლამენტის წინ მდებარე კარავში სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ზაზა სარალიძეს ხვდება.

“მინდა ვუთხრა, რას აკეთებს სახალხო დამცველი ამ პროცესის გარშემო. ასევე მისგან მინდა მოვისმინო, რა მოლოდინები აქვს სახალხო დამცველის მიმართ, რაში სჭირდება თანადგომა. სახალხო დამცველი ყველანაირად დაეხმარება ზაზა სარალიძეს მანდატიდან გამომდინარე. ჩვენ პირველივე დღიდან ჩართული ვართ. საქმის მასალებზე, დაკითხვის ოქმებზე წვდომა არ გვქონია. ჩვენ გამოვითხოვეთ მასალები, შევისწავლით, რომ დავადგინოთ, გამოძიების მიმდინარეობის დროს რა კითხვები იყო და რა შეიძლებოდა სხვაგვარად გაეკეთებინა პროკურატურას. გვექნება შეფასება ამ პროცესის. სხვა მიმდინარე დახურულ გამოძიებებთან დაკავშირებით, რომლებიც დანაშაულის დაფარვას შეეხება, ვთხოვთ პროკურატურას, გაგვაცნოს მასალები იმიტომ, რომ მიმდინარე გამოძიებებთან დაკავშირებითაც არსებობს კითხვები. სასამართლომ დაადასტურა, რომ ერთ-ერთი მკვლელი გამოძიებამ ვერ გამოავლინა და ამას ალბათ საქმის მასალები გვაჩვენებს”, – განაცხადა სახალხო დამცველმა.


თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 31 მაისს გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. რაც შეეხება იმავე ჩხუბის დროს მოკლულ დავით სარალიძეს, მისი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ ბრალი მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა. შესაბამისად, ამ დროისათვის უცნობია, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე.

სასამართლოს გადაწყვეტლების გამოცხადების შემდეგ, მოკლულის მამა ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები პროკურატურასთან მივიდნენ და საპროტესტო აქცია გამართეს. დავით სარალიძის მამა აცხადებს, რომ სანამ მისი შვილის მკვლელებს არ დააკავებენ და არ დაისჯება ყველა დამნაშავე, მათ შორის, პროკურორები, აქციებს არ შეწყვეტს. სარალიძე გამოძიების ხელახლა ჩატარებას ითხოვს. გარდა ამისა, აქციის მთავარი მოთხოვნა მთავრობის გადადგომაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი