ახალი ამბები

დაპირისპირება და სროლა ძიუდოში – შსს-მ ლომერ ჟორჟოლიანი დააკავა

1 ივნისი, 2018 • 2503
დაპირისპირება და სროლა ძიუდოში – შსს-მ ლომერ ჟორჟოლიანი დააკავა

შსს-ს ინფორმაციით, 31 მაისს, ღამით რამდენიმე პირს შორის დაპირისპირება მოხდა, შემდეგ კი ერთ-ერთმა მათგან იარაღიდან გაისროლა. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, მომხდარი ძიუდოს ფედერაციაში არსებულ დაპირისპირებს უკავშირდება.

უწყების თანახმად, პოლიციამ დააკავა ყოფილი ძიუდოისტი ლომერ ჟორჟოლიანი, რომელიც რადიო თავისუფლების ცნობით, ამჟამად ჭაბუკთა ნაკრების მწვრთნელი და დავით ქევხიშვილის მხარდამჭერია. შსს-ში აცხადებენ, რომ ინიციდენტში მონაწილე სხვა პირების ნაწილი მიიმალა. შსს-ს თანახმად, ლომერ ჟორჟოლიანი ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებითაა დაკავებული და საქმეს შსს სსკ-ს 236-ე მუხლით იძიებს.

“ფიზიკური დაპირისპირებისას დაშავებული ორი პირი – 1990 წელს დაბადებული ლ.ყ. და 1993 წელს დაბადებული გ.გ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს,” – წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამინისტროს ინფორმაციით,  ამოღებულია “ტე-ტე”-ს ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც გაგზავნილია შესაბამის ექსპერტიზაზე.

“იმავე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ დავით აღმაშენებლის გამზირიდან გადაუდებელი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრში მიყვანილ იქნა 1983 წელს დაბადებული ი.წ., რომელსაც, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მიყენებული ჭრილობა აღენიშნებოდა. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს,”-აცხადებენ შსს-ში.

“ნეტგაზეთი” ძიუდოს ფედერაციის პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ მომხდარის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

ძიუდოისტთა ნაკრების წევრები დავით ქევხიშვილის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვენ, რასაც ეს უკანასკნელი არ ეთანხმება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი