ახალი ამბები

ხორავას საქმის მტკიცებულებების შესაძლო გაყალბებაზე გამოძიება დაიწყო

1 ივნისი, 2018 • 1883
ხორავას საქმის მტკიცებულებების შესაძლო გაყალბებაზე გამოძიება დაიწყო

ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის საქმეზე შსს ატარებს გამოძიებას, რათა დაადგინოს პირები, ვინც მუდმივად, ფარულად ცდილობდნენ ფაქტების, მათ შორის, ექსპერტიზის დასკვნების დამახინჯებას და ფინანსური თუ სხვა გავლენების გამოყენებით სასამართლო განხილვის შედეგებზე ზემოქმედებას.

შსს ცნობით, ეს გარემოებები სასამართლო განხილვისას გამოიკვეთა. უწყების ცნობით, გამოძიების მიზანია, დაადგინოს ის შესაბამისი პირები, რომლებიც მუდმივად, ფარულად ცდილობდნენ ფაქტების (მათ შორის, ექსპერტიზის დასკვნების) დამახინჯებას და ფინანსური თუ სხვა გავლენების გამოყენებით სასამართლო განხილვის შედეგებზე ზემოქმედებას.

“არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამგვარი ქმედებებით ისინი გამოძიების ვერსიის დანგრევას და გარკვეული პირებისთვის პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობდნენ. გუშინ უკვე გამოიკითხა რამდენიმე პირი. გამოკითხვები და სხვა საგამოძიებო მოქმედებები გაგრძელდება”,- განაცხადეს შსს-ში გამართულ პრესკონფერენციაზე.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელობის საქმის გამოძიების საწყის ეტაპზევე დაადგინა და დააკავა ის პირები, რომლებმაც ბრალდებულთა მიერ ჩადენილი დანაშაული დაფარეს.

“ამჟამად მიმდინარე გამოძიების ფარგლებშიც, შინაგან საქმეთა სამინისტრო დაადგენს ყველა იმ პირს, რომლებმაც ამ უმძიმესი დანაშაულის სასამართლო განხილვის შედეგებზე პირდაპირ ან ირიბად მოახდინეს გავლენა”,- აცხადებენ შსს-ში.


თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 31 მაისს გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. რაც შეეხება იმავე ჩხუბის დროს მოკლულ დავით სარალიძეს, მისი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ ბრალი მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობაზე გადააკვალიფიცირა. შესაბამისად, ამ დროისათვის უცნობია, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე.

სასამართლოს გადაწყვეტლების გამოცხადების შემდეგ, მოკლულის მამა ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები პროკურატურასთან მივიდნენ და საპროტესტო აქცია გამართეს. დავით სარალიძის მამა აცხადებს, რომ სანამ მისი შვილის მკვლელებს არ დააკავებენ და არ დაისჯება ყველა დამნაშავე, მათ შორის, პროკურორები, აქციებს არ შეწყვეტს. სარალიძე გამოძიების ხელახლა ჩატარებას ითხოვს.

მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე 31 მაისს, გადადგა. მის გადადგომა წინ უძღოდა სარალიძის ოჯახისა და მისი მხარდამჭერების აქციაб, რომელმაც პროკურორის გადადგომის შემდეგ პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი